342-მა თეოლოგმა მთელი მსოფლიოდან ე.წ. რუსული სამყაროს (Русский мир) სწავლების წინააღმდეგ დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელიც ქართულად თარგმნა ეკლესიის ისტორიკოსმა შოთა მათითაშვილმა.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მართლმადიდებლური ტრადიციის ხალხთათვის დიდ ისტორიულ საფრთხეს წარმოადგენს.
„მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ რუსეთის ეკლესიის უმაღლესი სამღვდელოება თავდასხმის ფაქტს უარყოფს, სამაგიეროდ, ბუნდოვან განცხადებებს აქვეყნებს მშვიდობის საჭიროებაზე მიმდინარე „მოვლენებისა“ და „საომარი მოქმედებების“ ფონზე. ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს რუს და უკრაინელ ხალხთა „ძმობაზე“, რადგან მათი აზრით, ორივე ეს ხალხი „წმინდა რუსეთის“ ნაწილია. სამხედრო მოქმედებებს ბოროტ „დასავლეთს“ აბრალებს და სამრევლოებს იმგვარი ლოცვისკენ მოუწოდებს, რომელიც უფრო მეტად წაახალისებს საომარ მოქმედებებს. ვლადიმირ პუტინისადმი მოსკოვის საპატრიარქოს მრავალი იერარქის მხარდაჭერას ღრმა ფესვები აქვს თავისი არსით ტოტალიტარულ, მართლმადიდებლურ ეთნოფილეტისტურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმში, რომელსაც „რუსკი მირი“ ანუ რუსული სამყარო ეწოდება — ცრუ მოძღვრებაში, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ბევრს იზიდავს და თვით კათოლიკე და პროტესტანტმა ფუნდამენტალისტებმაც კი გაითავისეს“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში საუბარია ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებულ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიაზე, რომლის თნახმადაც, არსებობს საერთაშორისო რუსული ცივილიზაციის სფერო. ის მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსს (და ხანდახან მოლდოვასა და ყაზახეთს), ასევე, ეთნიკურ რუსებსა და რუსულენოვან ადამიანებს მთელ მსოფლიოში. აღნიშნული მოძღვრების თანახმად, „რუსულ სამყაროს“ საერთო პოლიტიკური ცენტრი აქვს მოსკოვის, ხოლო საერთო სულიერი ცენტრი — კიევის (ვითარცა დედა სრულიად რუსეთის) სახით, აქვს საერთო რუსული ენა, ჰყავს საერთო ეკლესია (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო) და საერთო პატრიარქი (მოსკოვის პატრიარქი), რომელიც საერთო პრეზიდენტთან/ეროვნულ ლიდერთან (პუტინი) შეთანხმებით მოქმედებს, რათა მართოს რუსული სამყარო და შეინარჩუნოს თვითმყოფადი სულიერება, ზნეობა და კულტურა. ამავე სწავლების თანახმად, „რუსული სამყაროს’’ საპირისპიროდ დგას „გარყვნილი დასავლეთი“, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ერების წინამძღოლობით, რომელიც დანებდა ლიბერალიზმს, გლობალიზაციას, „ქრისტიანოფობიას“ და „ჰომოსექსუალთა უფლებებს“, რასაც გეი აღლუმებზე ქადაგებენ, და ქედი მოიდრიკა „მებრძოლი სეკულარიზმის“ წინაშე.
„ჩვენ უარვყოფთ რუსული სამყაროს ერესსა და რუსეთის ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებებს, რაც უკრაინაში ომის დაწყებაში გამოიხატა და რომელიც რუსეთის ეკლესიის წაქეზებით სწორედ ამ მავნე და უსაფუძვლო მოძღვრებისაგან იღებს სათავეს. ჩვენ ვგმობთ ამ სწავლებას, როგორც სრულიად არამართლმადიდებლურს, არაქრისტიანულს და კაცთა მოდგმის საწინააღმდეგოს, რომელიც მოწოდებულია, იყოს ,,განმართლებული… განათლებული… განბანილი სულიწმინდის მიერ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით (ნათლობის განგება).’’ როგორც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ასევე მოსკოვის საპატრიარქო შეიჭრა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგალითად, აფრიკაში, გამოიწვია იქ განხეთქილება და დავა, ენით უთქმელი დანაკარგები არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულისთვისაც, საფრთხეში ჩააგდო რა მორწმუნეთა ცხონება“, — აცხადებენ თეოლოგები.
მსოფლიო თეოლოგთა დეკლარაციას სრულად: „განცხადება „რუსული სამყაროს“ სწავლების შესახებ“.