ახალი ამბები

ჯაშუშობის საქმე: სლოვაკეთიდან რუსეთის საელჩოს 3 თანამშრომელს აძევებენ

16 მარტი, 2022 •
ჯაშუშობის საქმე: სლოვაკეთიდან რუსეთის საელჩოს 3 თანამშრომელს აძევებენ

სლოვაკეთმა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაცია 14 თებერვალს Reuters-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ 72 საათი მისცა ქვეყნის დატოვებისთვის.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის საელჩოს, რომ მათმა წარმომადგენლებმა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად იმუშაონ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Reuters-ის ცნობით, სლოვაკური ონლაინ გამოცემა dennikn წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე სამი სლოვაკი დააკავეს, მათ შორის, სლოვაკეთის კონტრდაზვერვის სამსახურის წევრი და პირი, რომელსაც კავშირი აქვს მთავრობის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაბლოკილ საინფორმაციო ვებსაიტთან.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა:

“ეს მხოლოდ დასაწყისია. მჯერა, რომ სტრუქტურა კარგად გაიხსნება და უფრო შორს წავალთ, ნათლად და საფუძვლიანად”.

გამოცემა dennikn-მა ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსი დიპლომატი, სერგეი სოლომასოვი ერთ-ერთ პირთან, რომლის რეკრუტირებასაც ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი