ახალი ამბები

საქართველოს თავისი სანქციები აქვს დაწესებული – ზურაბიშვილი რუსეთზე

16 მარტი, 2022 • 4228
საქართველოს თავისი სანქციები აქვს დაწესებული – ზურაბიშვილი რუსეთზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, სიმართლე არაა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.

მისი თქმით, სინამდვილეში, საქართველო მრავალი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„საქართველოს თავისი სანქციები აქვს დაწესებული: ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ გვაქვს ალიანსი რუსეთთან და გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არის ჩვენი საკუთარი სანქციები. ჩვენ ევროპული ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებულ სიტუაციაში ვართ – ჩვენ არ გვაქვს დაცვა ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ნამდვილად წინა ხაზზე ვიმყოფებით. ჩვენ ძალიან სოლიდარულები ვართ. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები მიიღება, ჩვენ თანასპონსორები ვართ. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უნდა იყოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ასევე გავაგრძელოთ ჩვენს ასოცირებულ ტრიოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჩვენი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ. ვფიქრობ, დღეს ევროპაში არის ახალი ვითარება არა მარტო სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ეს არის ახალი აღქმა იმისა, რომ უნდა გაკეთდეს რაიმე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სადღაც შუაში არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი