თეთრი სახლი ირონიულად გამოეხმაურა რუსეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპასუხო სანქციების დაწესებას.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ სანქციების სიაში ბაიდენის სახელი არასრულადაა წარმოდგენილი და გამოტოვებულია „უმცროსი“.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის „უმცროსი“, ასე რომ, შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს“. მეორე მხრივ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საბანკო ანგარიშები [რუსეთში], რომელზეც წვდომა შეგვეზღუდა. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მის ვაჟს და ქვეყნის მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯი მიმართულია იმ უპრეცედენტო სანქციების პასუხად, რომელიც აშშ-მა რუსეთს დააკისრა. რუსეთში აცხადებენ, რომ 15 მარტიდან პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს აეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
სია სულ 14 ადამიანისგან შედგება და მასში მოხვდნენ როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორისაა ჰილარი კლინტონიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გეგმავენ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას და მას დაემატებიან კანონმდებლები, ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც „რუსოფობები არიან ან რუსეთის მიმართ ზიზღს გამოხატავენ“.
რუსეთი ბაიდენს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციებს უწესებს