ახალი ამბები

სტუდენტების პროტესტი

8 აგვისტო, 2011 • 1199
სტუდენტების პროტესტი

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჟურნალისტურ არაპროფესიონალიზმს აპროტესტებენ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს მეექვსე კორპუსის წინ შეიკრიბნენ. ლოზუნგით ,,ნუ გვატყუებით” სტუდენტებმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გასული ,,იმიტირებული ქრონიკა” გააპროტესტეს.

აქციის გამართვის გადაწყვეტილება, მათი თქმით, მას შემდეგ მიიღეს, რაც დაინახეს რომ ჟურნალისტები მომხდარს ძალიან პასიურად შეხვდნენ.

შეკრების მიზანი ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმის და ეთიკური ნორმების დარღვევის გაპროტესტებაა და სტუდენტები  მკაცრად ემიჯნებიან  პოლიტიკურ პარტიებს.

სტუდენტებმა აქციაზე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 13-ე მუხლის ბეჭდური ვერსია გაავრცელეს.

მარიამ ჯაჭვაძე, აქციის ორგანიზატორი:

,,ჩვენ არ გვინდა იმ წნეხის ქვეშ მოგვიწიოს მუშაობა, რა პირობებშიც დღეს მოქმედი ჟურნალისტები მუშაობენ. არ გვინდა არაპროფესიონალურმა ცენზურამ იბატონოს. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჟურნალისტს დაიცვან პროფესიული ეთიკა და სტანდარტი”.

ნინო გელაშვილი, აქციის ორგანიზატორი:

,,მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტი არის ის ადგილი სადაც ჟურნალისტები სწავლობენ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ არ უნდა მოიქცნენ.  მომხდარი ფაქტი არის შესანიშნავი მაგალითი იმასა, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ. როგორც წესი, საქართველოში არ იმართევა აქციები, რომლებიც მიმართულია ეთიკის დაცვისაკენ, ჩვენი აქცია სწორედ ამით გამოირჩევა”

მასალების გადაბეჭდვის წესი