ახალი ამბები

ორსონ უელსის დრამიდან “რუსულ ინტერვენციამდე”

8 აგვისტო, 2011 •
ორსონ უელსის დრამიდან  “რუსულ ინტერვენციამდე”

1938 წელს CBS –ის კოლუმბიის სამაუწყებლო ქსელი იძულებული გახდა  პირობა დაედო, რომ  აღარასოდეს დაასრულებდა გადაცემას ფრაზით „ჩვენ ვწყვეტთ გადაცემას“ (დრამატული ვითარების გამო). პირობის მიზეზი ცნობილი ამერიკელი რეჟისორის  ორსონ უელსის მიერ მოთხრობილი და დადგმული რადიო დრამა  გახდა, რომელიც ბრიტანელი ფანტასტის, ჰერბერტ უელსის ნაწარმოების ადაპტაციას წარმოადგენდა. დადებს თუ არა მსგავს პირობას ტელეკომპანია “იმედი” 13 მარტის იმიტირებული საინფორმაციო გამოშვების გამო?

უელსის  72 წლის წინანდელ რადიო დრამასა და ტელეკომპანია “იმედის”  2010 წლის 13 მარტის გადაცემას შორის რამდენიმე საერთოა.

ორსონ უელსმა კოლუმბიის სამაუწყებლო ქსელისთვის რადიო დრამის ანთოლოგიური სერიისთვის ერთი ეპიზოდი მოამზადა – „სამყაროთა ომები“.  სიმულირებული ახალი ამბების სახით ის მსმენელს კონტინენტზე უცხოპლანეტელთა შემოჭრას და მომწამვლელი აირის გავრცელების ამბავს ამცნობდა. გადაცემა სარეკლამო ჭრის გარეშე გადიოდა ეთერში. რადიო არხების გადართვისას ბევრ მსმენელს გამორჩა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოგონილ ისტორიას უსმენდა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

ბევრი საზოგადოებრივი მოღვაწე და ბეჭდური მედია ამ ფაქტმა განარისხა და მათი პროტესტი გამოიწვია.

ბევრი ადამიანი განარისხა ტელეკომპანია “იმედის” იმიტირებულმა საინფორმაციო გამოშვებამაც.  საინფორმაციო გამოშვება გადაცემა “სპეციალური სიუჟეტში” აჩვენეს და მხოლოდ დასაწყისში და დასასრულს იყო მითითებული რომ ეს იყო პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი– სიმულაცია. რუსეთის სიმულირებული მორიგი ინტერვენცია საქართველოში,  ვაზიანის სამხედრო ბაზისა და   თბილისის აეროპორტის დაბომბვა,   დაჭრილი ჯარისკაცების ამსახველი კადრები, პრეზიდენტის მკვლელობა  და ბარაკ ობამას საგანგებოდ მოწყობილი პრესკონფერენცია  2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ და ამ ყველაფერში იმ პოლიტიკოსების მონაწილეობა (“იმედის” შესაძლო სცენარის მიხედვით), რომლებიც ბოლო დროს მოსკოვს სტუმრობდნენ საკმარისი აღმოჩნდა მოსახლეობის პანიკისთვის.

გადაცემა 20 წუთს გრძელდებოდა, შესაბამისად მაყურებლებმა, რომლებმაც ტელევიზორი გვიან ჩართეს, იმიტაცია სინამდვილედ აღიქვეს. ბევრმა კი ახლობლების სატელეფონო ზარებით გაიგო, რომ “ომი დაიწყო”. თუმცა მოგვიანებით, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში მობილური ზარების განხორციელება შეუძლებელი გახდა ზარების სიხშირის გამო.

სხვადასხვა სააგენტოს ინფორმაციით ზარები გახშირდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის დაუზუსტებელი ინფორმაციით კი ერთი პიროვნება, რომლის შვილიც ჯარისკაცია, გარდაიცვალა. მწერალმა ლაშა ბუღაძემ კი “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ მოქალაქეები ბანკომატებს მიაწყდნენ (ისევე როგორც 2008 წელს). ის ქუჩაში იყო, როცა “რუსული ინტერვენციის” შესახებ გაიგო.

იმიტირებული სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” მომხმარებლების სტატუსებზე ასეთი წარწერები გაჩნდა: “მეზიზღება “იმედი”, ვითხოვ ბოდიშს”, “ამათ შიგ ხომ არა აქვთ?”, “2007 წლის 7 ნოემბერს თუ ძაბავდა “იმედი” ვითარებას, დღეს არ დაძაბა?”;

“ადამიანებო, ვუჩივლოთ რა იმედს!!! ესენი სრულ ჭკუაზე არ არიან!!! ერთი სიკვდილი გავათავეთ” – “ფეისბუქზე” ამ კომენტარის გაკეთების შემდეგ ჟურნალ “ლიბერალის” გამომცემელიც ტელეკომპანია “იმედის” შენობასთან მივიდა.

ტელეკომპანიასთან, 13 მარტს, გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” დასრულებამდე (გადაცემა იმიტირებული საინფორმაციო გამოშვების შემდეგ სტუმრებთან დისკუსიით გაგრძელდა)  მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ.

“ასეთი შოკი ომის დროს არ მიმიღია. მე მგონია, რომ ეს არის ცინიზი, შურაცყოფა და სადიზმი. ყველა ოჯახში კოშმარი ხდებოდა, ვიღაცას გული წაუვიდა. მე ავად ვიყავი და ჩემი ბავშვები შემოვარდნენ გაფართოებული თვალებით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” შორენა შავერდაშვილმა და დასძინა რომ პროტესტის გამოხატვის გარდა აუცილებელია შევიდეს სარჩელი “იმედის” წინააღმდეგ, რადგან მისი აზრით, ეს არის ეთიკის კოდექსის დარღვევა, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ეს იყოს  სისხლის სამართლის დანაშაულიც.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ტელეკომპანიასთან კვერცხებით მივიდა: “მე სრულიად კონკრეტული მიზეზით მოვედი, რომ გიორგი არველაძეს (“იმედის” დირექტორი), ეკა წამალაშვილს (“იმედის” დირექტორის მოადგილე) და ნათია კობერიძეს ჩამოერთვას ჟურნალისტური მოღვაწეობის  უფლება გადაცემის მომზადებისთვის, რომელმაც მორალურად, ფსიქიკურად გაანადგურა ადამიანები”.

ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობას 13 მარტს ჟურნალისტების ჯგუფთან კომენტარი არ გაუკეთებია, იმის მიუხედავად, რომ დაცვამ ჟურნალისტები  ტელევიზიის ეზოში შეუშვა. ტელეკომპანიის ეზოში  ერთადერთი განცხადება გაკეთდა – პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერის მიერ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი “შეშფოთებული და აღშფოთებულია” იმიტირებული გადაცემის გამო: “სულ ცოტა მუდმივად უნდა ყოფილიყო წარწერა რომ ეს იყო იმიტირებული”.

ტელეკომპანიის შესასვლელთან მოქალაქეები იმიტირებულ გადაცემას სამი საათის განმავლობაში აპროტესტებდნენ. “იმედის” შენობასთან მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის  ნინო ბურჯანაძეც, რომლის დაქვემდებარებაშიც “იმედის” შესაძლო სცენარის მიხედვით, ჯარის ნაწილი გადავიდა.

უცენზურო გამოთქმების და შეძახილების ობიექტები “იმედის” თანამშრომლების გარდა გადაცემის სტუმრებიც გახდნენ – ექსპერტები და ჟურნალისტები. გინება ფიზიკურ შეხლა–შემოხლაშიც გადაიზარდა.

პროტესტანტების ერთ–ერთი ასეთი მსხვერპლი გაზეთ “რეზონანსის” მთავარი  რედაქტორი ლაშა ტუღუშიც გახდა. მას პასუხს იმის გამო სთხოვდნენ, რომ იმიტირებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სტუდია არ დატოვა და გადაცემაში მონაწილეობა მიიღო.

ტუღუშმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ იმიტირებული სიუჟეტი მისთვისაც სიურპრიზი იყო: “ძალიან მეშინია რომ არ განმეორდეს “ნოემბრიდან ნოემბრამდე”. ეს ფილმი უარესი იყო”.

ვინ უნდა აგოს პასუხი? ასეთი კითხვა ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესსპიკერს დაუსვეს, რაზეც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა: “მოგეხსენებათ, რომ “იმედი” არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია”. მან ასევე განაცხადა, რომ არ იცის ვისი იდეა იყო იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება.

საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ (მანამდეც) მოქალაქეები მოსაზრებების  გამოთქმას ფორუმებსა და სოციალურ ქსელებზე განაგრძობდნენ. მაგალითად “ფეისბუქზე”  მომხმარებელმა თამარა ჩერგოლეიშვილმა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას მეუღლეა, დაწერა:

– “გადავედით დღევანდელი დღის ბაიკებზე: იმიტირებული ქრონიკის დროს, გიგასთან კაბინეტში შევარდა მისი დაცვა გიგას ევაკუაციის განზრახვით. გიგა ტელეფონზე საუბრობდა და ორი სიტყვით უთხრა, დაიკიდე “ვირტუალურიაო”. დაცვაც დაემორჩილა. 20 წუთში უკან შევარდა, თურმე ტყუილი ყოფილა ბ-ნო გიგაო, გიგამ – ხომ გითხარი ვიტრუალურიაო. ხოდა არ ვიცი ეგ სიტყვა რას ნიშნავსო”.

“იმედის” იმიტირებულ გადაცემაში გიგა ბოკერიას ევაკუაციის სცენა არ ყოფილა, თუმცა “ფეისბუქის” ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა ეჭვი, რომ ბოკერიამ “წინასწარ იცოდა “ამ ვირტუალური მარაზმის” შესახებ.

“ფეისბუქზე” დისკუსიის გარდა მსჯელობა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფორუმზე ფორუმ.ჯი–ზეც მიმდინარეობდა, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თემა გაიხსნა, ზოგიერთი თემის გვერდების რაოდენობამ კი რამდენიმე ათეულს მიაღწია.

“იმედს” იმიტირებულმა გადაცემამ პოპულარობა მოუტანა, ისევე როგორც 1938 წელს რადიო დრამის ავტორს ამერიკაში. რადიო და უელსი არ დასჯილან, თუმცა როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ CBS–მა პირობა დადო, რომ გადაცემებს აღარ დაასრულებდა ფრაზით “ჩვენ ვწყვეტთ გადაცემას..”.

მოუწევს თუ არა მსგავსი პირობის დადება ტელეკომპანია “იმედს”, რომლისთვისაც ამერიკული გაკვეთილი გაკვეთილი არ აღმოჩნდა– არც გადაცემა შეუწყვეტია ქვეყანაში პანიკის გამო და სტუმრებმაც დისკუსია გააგრძელეს?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2010 წლის 13 მარტს, 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გასული სიუჟეტი არღვევს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს თანახმად “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული”.

საიამ მოუწოდა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, გამოიყენოს მაუწყებლობის შესახებ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და დააკისროს შესაბამისი სანქცია ტელეკომპანია „იმედს“.

ამავე თემაზე:
ასე გააცილეს გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” მონაწილეები

ტელეიმედის იმიტირებულმა გამოშვებამ სპეკტაკლები ჩაშალა

საიას საგანგებო განცხადება

ტელეიმედის სპექტაკლი

ლაშა ბუღაძე – ტელეიმედმა ომი გააგრძელა

სააკაშვილის პრესსპიკერი: პრეზიდენტი შეშფოთებული და აღშფოთებულია

რატი ამაღლობელი დანაშაულზე საზოგადოების წინაშე

გიორგი ჩხეიძე: ტელეკომპანიამ ეთიკის ნორმები დაარღვია

მასალების გადაბეჭდვის წესი