რუსეთის პირველი არხის დაკავებული თანამშრომლის ადვოკატები ჟურნალისტს უკვე 12 საათია ვერ პოულობენ. ინფორმაციას ამის შესახებ Настоящее Время ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მარია ოვსიანიკოვას, რომელიც რუსეთის პირველ არხზე უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, ადვოკატები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან. ჟურნალისტი გუშინ, 14 მარტს დააკავეს. ის პროპაგანდისტული რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების ეთერში გამოჩნდა ბანერით – „შეაჩერეთ ომი, არ დაიჯეროთ პროპაგანდა. აქ თქვენ გატყუებენ”.
Настоящее Время-ს თქმით, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მოსკოვის ოლქის პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა ადამიანის უფლებების დამცველებს დეპარტამენტში განუცხადეს, რომ დაკავებული ჟურნალისტი იქ არ იყო.
ადვოკატი დანილ ბერმანი „მედუზასთან“ აცხადებს, რომ 15 მარტის დილის მდგომარეობით, ოვსიანიკოვას პოვნას ვერ ახერხებენ.
ახალი ამბების რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში პლაკატით „შეაჩერეთ ომი“ გამოჩნდა, გუშინ დააკავეს. მანამდე რუსული სამთავრობო მედია Tass იუწყებოდა, რომ შესაძლოა, ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმე აღეძრათ.
