ახალი ამბები

სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში არ შევალ — პრეზიდენტი

14 მარტი, 2022 •
სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში არ შევალ — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში არ შევა.

სალომე ზურაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.

„მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. ჩვენსა და უკრაინას შორის რამე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ!“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლება და ოპოზიცია უკრაინის საკითხზე სხვადასხვა განცხადებებისთვის.

„მე არ და ვერ შევალ აქ მთავრობის ცალკეული განცხადებებისა თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ, ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი