პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს სულ მცირე 13 ჟურნალისტი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყველა დაკავებულ ჟურნალისტს პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ჰქონდა, თუმცა პოლიციამ ამას ყურადღება არ მიაქცია. ჟურნალისტების გარდა, აქციაზე ასევე დააკავეს აქციის 12-მდე მონაწილე.

დაკავებული ჟურნალისტების თქმით, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს, თუ რა გახდა მათი დაპატიმრების მიზეზი.

დღეს რუსეთის რამდენიმე ქალაქში ომისა და პუტინის საწინააღმდეგო აქციები იყო დაგეგმილი. მოქალაქეებს პროტესტისკენ პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოუწოდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.