13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ეთერში, გადაცემაში „სპეციალური რეპორტაჟი“ გავიდა სიმულაციური სიუჟეტი, რომელმაც მაყურებელს საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი ამცნო. „იმედის“ ჟურნალისტებმა მოგვითხრეს, რომ ქვეყანაში რუსეთის მორიგი ინტერვენცია დაიწყო, დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა, თბილისის აეროპორტი. ეთერით გავიდა დაჭრილი ჯარისკაცების ამსახველი კადრები. საინფორმაციო გადაცემის კოქტეილში ბარაკ ობამას საგანგებოდ მოწყობილი პრესკონფერენციის ნაწყვეტიც მოხვდა.
დადგმული სიუჟეტის მიხედვით თბილისში არეულობა 7 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ცენტრში დაუდგენელმა პირებმა მომიტინგეთა მისამართით სროლა ატეხეს.
მოსახლეობისთვის პოლიტიკური მოვლენების მსგავსი განვითარების მიწოდება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება და ამ დროს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კვლავ ნეგატიურ ჭრილში წარმოგვიდგებიან.
საქართველოს ისტორიის განვითარების წარმოსახვითი მოდელის დასასრულს ქვეყნის პრეზიდენტი მოკლულია და ამ ინფორმაციას ეთერის წამყვანს ზურაბ ნოღაიდელის პრეს-ცენტრი ექსკლუზიურად ატყობინებს. ოპოზიცია გამონაგონ ისტორიაშიც ინარჩუნებს მტრის ხატის უარყოფით სტატუს – ცუდი ამბის მაცნედ, უფრო მეტიც, მოღალატე ძალად გვევლინება.
სიუჟეტი 20 წუთს გრძელდებოდა. გაფრთხილება მისი იმიტაციური ხასიათის შესახებ მაყურებელს მხოლოდ გადაცემის თავსა და ბოლოში შეატყობინეს. სიუჟეტს არ სდევდა განმარტებითი წარწერა, რამაც მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, უფრო მეტიც პანიკური შიშის მდგომარეობაში ჩააგდო. ჟურნალისტმა ლაშა ხაზარიშვილმა 20 წუთის განმავლობაში „ქრონიკის“ საგანგებო გამოშვების წამყვანობას შესაშური სამსახიობო ოსტატობით გაართვა თავი.
ტელედადგმის დასრულების შემდეგ „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანი ნათია კობერიძე სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან (ანდრო ბარნოვი, ლაშა ტუღუში, თორნიკე შარაშენიძე, მარიკა დიდებულიძე, ალექსანდრე რონდელი, სიმონ მასხარაშვილი, ნიკა ჩიტაძე, მურმან ჯინორია…) ერთად საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე იწყებს მსჯელობას.
ამ დროს ტელეკომპანია „იმედის“ შესასვლელთან აღშფოთებულმა მოსახლეობამ მოიყარა თავი.
