სახალხო დამცველი ითხოვს პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში. ამის შესახებ განცხადება ომბუდსმენმა დღეს, 11 მარტს გაავრცელა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისმა რწმუნებულებმა სააკაშვილი მიმდინარე წლის 9 მარტს მოინახულეს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის აუცილებელია რელევანტური გამოკვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება და შემდგომი მომსახურების მიწოდება შესაბამისი პროფილის კლინიკაში.
“პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა, ხოლო რიგი მაჩვენებლები და ჩივილები განსაკუთრებულად საყურადღებოდ მიიჩნევა. აღნიშნული კი გადაუდებელ გამოკვლევებს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც ციხეში არ არის.
მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, N12 დაწესებულებაში 7 მარტს იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სასწრაფო დაუყოვნებული წესით, რაც საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2-5 დღეში”, – ნათქვამი ომბუდსმენის განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის მიერ 19 იანვარს გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც სააკაშვილს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩატარებოდა, ამ დრომდე არ შესრულებულა. ომბუდსმენის ცნობით, ტომოგრაფიის ჩატარების საჭიროებას პენიტენციური დაწესებულებაც იზიარებდა.
“იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით”, – აცხადებს ომბუდსმენი.
უწყების განმარტებით, პატიმრისთვის დროულ და ადეკვატურ მკურნალობაზე მიუწვდომლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრულ წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.
სახალხო დამცველი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააკაშვილისთვის რეკომენდებული აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევები და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.