რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა, უკრაინაში მოხალისეები გაგზავნონ. ამის შესახებ პუტინმა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა:
„თუ ფიქრობთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობრივად, ფულის გარეშე სურთ წავიდნენ და აღმოუჩინონ დახმარება ადამიანებს, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ, კარგი, უნდა შევხვდეთ მათ და დავეხმაროთ ჩავიდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.
აღნიშნული წინადადებით პუტინს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან 16 ათასამდე განაცხადი მიიღეს უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციაში” მოხალისეობრივად ჩართვის შესახებ.
პუტინის განცხადებით, „დასავლელი სპონსორები“ არ მალავენ, რომ აგროვებენ დაქირავებულ მებრძოლებს კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად:
„ისინი ამას აკეთებენ ღიად, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით“, – აცხადებს პუტინი.
შეხვედრაზე პუტინი ასევე დაეთანხმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ბრძოლისას მოპოვებული დასავლური აღჭურვილობა დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს გადასცეს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
