ჟურნალ ”ლიბერალის” დამფუძნებელი, შორენა შავერდაშვილი კერძო კომპანიების სისტემატური დალუქვის გამო , სამოქალაქო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
გამომცემლობა ”სეზანის” დალუქვის გამო პრობლემა ჟურნალ “ლიბერალსაც” შეექმნა, რადგან ჟურნალს სწორედ ამ გამომცემლობაში ბეჭდავდნენ.
გამომცემლობა “სეზანი” და “დეგაპრინტი” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტორულმა დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის მოტივით რამდენიმე დღის წინ დალუქა.
გამომცემლობა ”სეზანის” დირექტორი, თამაზ ჩიხრაძე ამბობს, რომ აუდიტორული სამსახური სასამართლოს დადგენილი დოკუმენტაციით შევიდა კომპანიაში.
ჩიხრაძე ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს და იმედოვნებს, რომ ინვენტარიზაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება და სტამბა შეძლებს მუშაობის განახლებას.
დამოუკიდებელი იურისტი ირაკლი გაბისონია განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღნიშნულ დეპარტამენტს უფლება აქვს წელიწადში ერთხელ მოახდინოს საწარმოს გეგმიური საგადასახადო შემოწმება, ასევე მათ აქვთ უფლება განახორციელონ საკონტროლო საგადასახადო შემოწმება, მოსამართლის ბრძანება გაიცემა საკონტროლო საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში. თუმცა რაც შეეხება დალუქვას, მისი თქმით, ეს უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევაა.
”საწარმო არ ილუქება, დოკუმენტაცია ილუქება,”– ამბობს იურისტი.
ბიზნესის წარმომადგენლები დეტალურ საუბარს, არსებობდა თუ არა გამომცემლობის დალუქვის აუცილებლობა , არ აპირებენ.
თამაზ ჩიხრაძე ამბობს, რომ დოკუმენტაციში, რომელიც დეპარტამენტმა წარუდგინა, არ იყო კანონდარღვევა.
კომპანიებმა წინასწარ გააფრთხილეს “ლიბერალის” ხელმძღვანელობა, რომ ჟურნალი დასაბეჭდათ “სეზანში” არ მიეტანათ – ამბობს “ლიბერალის” დამფუძნებელი.
შავერდაშვილის თქმით, მათ იპოვეს სტამბა, სადაც დროულად დაიბეჭდება ჟურნალი, თუმცა ”ლიბერალი” ამ თემის აქტიურად გაშუქებას აპირებს:
”არსებული საგადასახადო კოდექსით ხელისუფლებას ლეგალურად აქვს უფლება დალუქოს კომპანიები. მაგრამ ვინმე ითვლის ზარალს, რომელიც ამ კომპანიებს ადგება? აღარაფერს ვამბობ სტრესზე. ვფიქრობ, საზოგადოების ინტერესებშია, რომ ეს თემა გახდეს აქტუალური . ეს ეკონომიკურ და ზოგადად ბაზრის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. მედიამ ამ პრობლემების კვლევა და ამ პრობლემებზე საჯარო დისკუსია უნდა დაიწყოს. ბიზნესი ამას არ აკეთებს, იმ მიზეზით, რომ იმაზე მეტი არ დაკარგონ, ვიდრე ასეთ დროს კარგავენ”.





