ახალი ამბები

ისედაც ვიკრიბებით, ფორმალობის საჭიროება არაა – ბურჭულაძე უსაფრთხოების საბჭოზე

10 მარტი, 2022 • 1132
ისედაც ვიკრიბებით, ფორმალობის საჭიროება არაა – ბურჭულაძე უსაფრთხოების საბჭოზე

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს შეკრების „ფორმალობის საჭიროება არ დგას“ და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ისედაც ყოველდღე იკრიბებიან.

ამის შესახებ მან დღეს, 9 მარტს, პარლამენტში განაცხადა, სადაც ნდობის ჯგუფს შეხვდა.

„იმის გამო, რომ ვთქვათ, რომ უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა, ეს ჩვენ არ გვახასიათებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ვიკრიბებით პრემიერთან, გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს.

რაც შეეხება უსაფრთხოების დოქტრინას, ჩვენ ჩვენი უწყების მასშტაბით ვიმუშავეთ პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალაში უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობს იმაში, რომ უსაფრთხოების საბჭოს შეკრება „არ ახასიათებთ“, ბურჭულაძემ განმარტა:

„არ გვახასიათებს ღონისძიებების ჩატარება პიარის მოტივაციით, ანუ ჩვენ იგივე ფორმატში ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და დღეს ამ ფორმალობის საჭიროება არ დგას. თუ დადგება ფორმალურად უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების საჭიროება, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ. კიდევ ვიმეორებ, ის ფორმატი დაცულია ყოვედღიურ რეჟიმში – ძალოვანი უწყებები პრემიერთან ვიკრებებით და ვახდენთ ჩვენს ადაპტაციას ყოველდღიურ მოვლენებთან“, – განაცხადა ბურჭულაძემ.


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

ოპოზიცია მოუწოდებს მთავრობას, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში იქნეს მოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი