ახალი ამბები

ქარტიის საბჭო გამორიცხავს კობერიძის საბჭოდან გარიცხვას

8 აგვისტო, 2011 •
ქარტიის საბჭო გამორიცხავს კობერიძის საბჭოდან გარიცხვას

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო არ აპირებს ჟურნალისტ ნათია კობერიძის ქარტიიდან გარიცხვას”, – აცხადებს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე.

მისივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოთი გავრცელებული ინფორმაცია, რომ საბჭომ მსჯელობის შემდეგ შესაძლოა გარიცხოს კობერიძე ქარტიიდან.

 “მე არავისთან ეს კომენტარში არ მითქვამს”, – აცხადებს თურაძე და მიმართავს ყველა საინფორმაციო საშუალებას გაასწორონ გავრცლებებული არასწორი ინფორმაცია.

როგორც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი  განმარტავს, საბჭოს არ არის სადამსჯელო ორგანიზაცია და საბჭოს  ჟურნალისტების ქარტიიდან გარიცხვის უფლება წესდების მიხედვით არა აქვს.
“ჩვენ მზად ვართ,  შევხდეთ “იმედის”  შემოქმედებითი ჯგუფს და გავარკვიოთ  ვის გადაწყვეტილებით,  ან რა გარემოში მომზადდა ეს გადაცემა.  მაგრამ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არავის არ გავრიცხავთ. მე, როგორც საბჭოს წევრი და ჟურნალისტი ვთვლი, რომ  “იმედის” 13 მარტის გადაცემით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამასთან დაკავშირებით, წინასწარ ამის თქმა არ შემიძლია”,– აცხადებს თურაძე.
საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ხელმომწერია ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელსაც 13 მარტს ტელეკომპანია “იმედში” მიჰყავდა გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟი”. სწორედ ამ გადაცემაში გავიდა იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შესახებ, რომელსაც საზოგადოებაში პანიკა მოჰყვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 9  კაციანი საბჭო ხელმძღვანელობს. ქარტიის ყველა ხელმომწერი კი ამავე დროს ქარტიის დამფუძნებელია.

კითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა  ქარტიის ხელმომწერი არღვევს ეთიკის პრინციპებს, თურაძე პასუხობს: “ქარტიის მიზანია საქართველოში დაიწყოს ეთიკური ჟურნალისტიკის დამკვიდრება,  ეთიკური და არაეთიკური ჟურნალიზმის გამიჯვნა და არა ჟურნალისტების დასჯა. იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭო გადაწყვეტს რომ რომელიმე ხელმომწერმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პრინციპები , ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედიასაშუალებაში. თუ ერთიდაიგივე ჟურნალისტი ხშირად აღმოჩნდება ასეთ მდგომარეობაში, მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ საზოგადოებაში ნდობა აღარ იქნება. მაგალითად, საბჭომ არაერთხელ რომ დაადგინოს, რომ მე დავარღვიე ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები, იძულებული გავხდები უარი ვთქვა ჟურნალისტურ მოღვაწეობაზე”.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ზუსტად როდის შეიკრიბება ქარტიის 9 წევრიანი საბჭო “იმედში” გასულ რეპორტაჟზე სამსჯელოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი