ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, პუტინი ცხოვრობს „საინფორმაციო ბუშტში ჟანგბადის გარეშე“

8 მარტი, 2022 • 1320
ზელენსკის თქმით, პუტინი ცხოვრობს „საინფორმაციო ბუშტში ჟანგბადის გარეშე“

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება, თუ ამას მოისურვებს.

„მას შეუძლია დაასრულოს ომი, რომელიც მან დაიწყო. იმ შემთხვევაშიც, თუ ფიქრობს, რომ მას არ დაუწყია [ეს ომი], ის ვერ უარყოფს, რომ შეუძლია ომის შეჩერება“, — განაცხადა ზელენსკიმ ABC-სთან ინტერვიუში და თქვა, რომ პუტინი საინფორმაციო ვაკუუმშია.

„დაიწყეთ დიალოგი, ნაცვლად იმისა, რომ იცხოვროთ საინფორმაციო ბუშტში ჟანგბადის გარეშე“, — დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ ომი არ შეჩერდება უკრაინაზე და უკრაინელი ხახლხის თავისუფლებაზე თავდასხმა გავლენას მოახდენს დანარჩენ სამყაროზეც.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის აუცილებლობას და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „მეტის გაკეთება შეუძლია“ უკრაინის დასახმარებლად.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს კიევიდან ევაკუაცია, რაზეც უარი თქვა. ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა უკრაინაში ბოლომდე, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ისურვებდა ისეთ ფინალს, როგორიც ამერიკული ფილმებშია — ე.წ. Happy end-ს (ბედნიერ დასასრულს).

8 მარტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი