რუსეთის მიერ სუმის საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან 9 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათგან ორი ბავშვი იყო.
ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, 7 მარტს სუმიში რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა საცხოვრებელ კორპუსებზე რომენსკაიას და სპარტაკის ქუჩებზე. შემთხვევის ადგილზე 23:09 საათზე მივიდნენ მაშველები, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს და დილამდე გრძელდებოდა ნანგრევების გაწმენდა. ერთი ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დილით დაიწყო. უკრაინული მხარის ინფორმაციით, 11 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 11000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა.
გარეკანის ფოტო: კიევი საცხოვრებელ უბანზე ღამით დაბომბვის შემდეგ. 25 თებერვალი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO
