ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან.
„გარდამავალ პერიოდში მაინც გადახედეთ სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ 1- წლიანი უვიზო რეჟიმი შეამცირეთ 1-3 თვემდე“, – მიმართა მთავრობას პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილმა, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, 7 მარტის ბრიფინგზე ასევე მოუწოდა მთავრობას, მხარი დაუჭირონ რუსეთსა და უკრაინაში მყოფი მოქალაქეების ოჯახებს, „მათ შორის მათი საბანკო სესხების მომსახურების მიმართულებით“.
მეზვრიშვილმა დააზუსტა, რომ საუბრობს რუსეთსა და უკრაინაში მყოფი პირების ოჯახებზე, რომლებიც „გზავნილებით იხდიან სესხს“.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანახმად, საქართველოს მთავრობა არ განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე სახის სავიზო რეჟიმის დაწესებას.







