ახალი ამბები

პოლონეთი: უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა

7 მარტი, 2022 • 4408
პოლონეთი: უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა

უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე გადაწყვეტილება პოლონეთს  ამ დრომდე არ მიუღია – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის მთავრობის სპიკერმა გააკეთა.

როგორც უკრაინული გამოცემა Ukrinform წერს, პიოტრ მიულერის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლონეთის ტერიტორიიდან უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავები გაფრინდა, სიმართლეს არ შეესაბამება:

„რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, მხოლოდ შემიძლია გავიმეორეო, რომ ამ დროისთვის ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არაა“ ,- თქვა მიულერმა.

მისი თქმით, პოლონეთი ყოველდღიურად დიდ დახმარებას აგზავნის უკრაინაში.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს „მწვანე შუქი“ აქვთ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის პოლონეთის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემას განიხილავდნენ იმ დათქმით, რომ ვაშინგტონი ვარშავას დანაკლისს ახალი, ამერიკული თვითმფრინავებით აუნაზღაურებდა.

CBS News-ს თეთრ სახლში განუცხადებს, რომ ამერიკა პოლონეთს მიაწვდიდა ახალ თვითმფრინავებს, თუ უკრაინისთვის საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტდა, თუმცა ჯერ კიდევ გადასაჭრელია თვითმფრინავების ტრანსპორტირების საკითხი.

უკრაინა დასავლეთისგან ცის ჩაკეტვას ან საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ითხოვს.

უკრაინელი პილოტები აქამდე მხოლოდ საბჭოთა თვითმფრინავებს მართავდნენ, ამიტომ, ომის პირობებიდან გამომდინარე, დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა უშედეგო იქნება, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, დროის მცირე მონაკვეთში უცხო თვითმფრინავების სამართავად პილოტთა გადამზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი