უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ თუკი ომის პირველ დღეებში ათეულობით, შემდეგ კი ასეულობით მოქალაქე იყო დაშავებული რუსეთის თავდასხმების შედეგად, ახლა ათასობით მოქალაქეა დაშავებული.
მისი თქმით, დაშავებულთა ზუსტი რიცხვის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლია.
„მეექვსე დღეა, საჰაერო თავდასხმები არ შეწყვეტილა, მეექვსე დღეა, დაბომბვა არ შეწყვეტილა“, – ამბობს იგი.
ეს ინფორმაცია მან საზოგადოებას დმიტრი გორდონის გადაცემაში საუბრისას გააცნო საზოგადოებას.
5 მარტს გამოცხადდა, რომ ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან 16:00 საათამდე ადგილობრივები შეძლებდნენ, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორების მეშვეობით დაეტოვებინათ ორი ქალაქი — დონეცკის ოლქში მდებარე მარიუპოლი და ვოლნოვახა — რომლებიც, ბოლო დღეებია, ინტენსიურად იბომბება.
ამავე პერიოდში, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო, რათა მოსახლეობას ტერიტორიიდან მშვიდად გასვლის საშუალება მისცემოდა. ეს ვერ მოხდა: ევაკუაციის პროცესის გამოცხადებიდან 3 საათში ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მისი გადადების შესახებ განაცხადეს, აღნიშნეს რა, რომ დაბომბვა გრძელდებოდა.
“იმის გამო, რომ რუსული მხარე არ ემორჩილება ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და აგრძელებს სროლას თავად მარიუპოლსა და მის გარეუბანში, ევაკუაცია გადაიდო”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანული BBC-იც წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, რუსული მხარე დაბომბვას განაგრძობდა.
ტელეარხის რესპონდენტები ქალაქში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. მათი სიტყვებით, ესმით აფეთქებების ხმები და ხედავენ კვამლს, რომელიც შენობებიდან ამოდის. ისინი დარდობენ ახლობლებზეც, რომლებიც ქალაქში არიან ჩარჩენილნი და შესაძლოა, ვერ იღებდნენ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.
“ზოგიერთი ადამიანი მარცხენა სანაპიროს უბნიდან [უბანი მარიუპოლის აღმოსავლეთით]მოდის და ამბობს, რომ იქ სრული კატასტროფა ხდება, გვამები ქუჩებში”, — აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.
მარიუპოლში აქამდეც მძიმე ვითარება იყო: უკრაინელი სამხედროები მასზე კონტროლს ინარჩუნებენ, თუმცა რუსეთის მხრიდან მძიმე საჰაერო დარტყმების შედეგად, მოსახლეობა წყლის, ელექტროენერგიისა და სანიტარული საშუალებების გარეშე დარჩა.