ახალი ამბები

უკრაინის დაზვერვის თანახმად, მოლაპარაკებების მონაწილე კირეევი „უკრაინის დაცვისას დაიღუპა“

6 მარტი, 2022 • 11837
უკრაინის დაზვერვის თანახმად, მოლაპარაკებების მონაწილე კირეევი „უკრაინის დაცვისას დაიღუპა“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ინფორმაციას ავრცელებს 5 მარტს დაღუპულ დენის კირეევზე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მონაწილეზე.

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი და დაკავების პროცესში მოკლეს უკრაინის უშიშროების წარმომადგენლებმა.

თუმცა სადაზვერვო სამმართველო წერს, რომ კირეევი „სპეციალური მისიის შესრულებისას დაიღუპა“.

დაზვერვის მიერ 5 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 მარტსვე, „სპეციალური მისიის შესრულებისას“ დაიღუპა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი მზვერავი: ოლექსი დოლია, ვალერი ჩიბინეევი და დენის კირეევი.

უწყების განცხადებაში არაფერია ნათქვამი არც კირეევის ღალატზე და არც მის ლიკვიდაციაზე უკრაინული მხარის მიერ. პირიქით, – განცხადებაში წერია, რომ:

„ისინი უკრაინის დაცვისას დაიღუპნენ“, „მათმა ქმედებებმა გამარჯვებისკენ წაგვწიეს“ და მათ გმირის წოდება მიენიჭათ.

კირეევი ადრე საბანკო სექტორში საქმიანობდა.

უკრაინული მედიის მიხედვით, ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი (2006-2012) და „ოშადბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი