ახალი ამბები

ნოღაიდელი – დაპირისპირების მიზეზი ბათუმში

8 აგვისტო, 2011 • 1244
ნოღაიდელი –  დაპირისპირების მიზეზი ბათუმში

“ნუ გიყვართ განსაკუთრებული ქრისტიანობა. ყველამ თქვენს თავში ჩაიხედეთ… მე რომ მიწოდებს სექტანტს, ეს პირადულია. იცის რას ნიშნავს სიტყვა სექტანტი მაგ უბედურმა? მე 15 ნაშას არ ვიცვლი დღეში და მაგიდაზე ფეხებს არ ვაწყობ, ასე გაუტანეთ ამბავი”, _ ამბის გატანა “რესპუბლიკელების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ ბრიფინგზე დაპატიჟებულ ჟურნალისტებს დაავალა. ადრესატი ბათუმის საკრებულოში “რესპუბლიკელების” ყოფილი წევრი დავით ჩხარტიშვილი იყო.

მურმან დუმბაძე ჟურნალისტებს ემოციურად ესაუბრა. იგი დავით ჩხარტიშვილს, სხვა ბრალდებებთან ერთად, გაზეთ “აჭარას” თანხების მითვისებაშიც ადანაშაულებს.

საქმე ისაა, რომ დავით ჩხარტიშვილი გადავიდა “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” რიგებში. ჩხარტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება “რესპუბლიკელებთან” “იდეოლოგიური შეუთანხმებლობის” გამო მიიღო. მისთვის ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის საგარეო პოლიტიკური კურსი მისაღებია. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, დავით ჩხარტიშვილი ფრაქცია “რესპუბლიკელების” დატოვებას გუშინ არ აპირებდა”, თუმცა იგი ფრაქციიდან “რესპუბლიკლებმა” გარიცხეს.

“რესპუბლიკელებმა” ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიღეს, ჟურნალისტებს კი დღეს აცნობეს. ვიდრე “რესპუბლიკელები” ჟურნალისტებს ბრიფინგზე მიიწვევდნენ, დავით ჩხარტიშვილმა წერილობით მიმართა  “რესპუბლიკელების” თავმჯდომარეს ირაკლი  ჩავლეიშვილს, სადაც წერია, რომ ცილისწამების გამო ჩხარტიშვილი ტოვებს ფრაქციას.

“ისტერიჩკებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში  და უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან… ბრძოლას ვაპირებ ბოლომდე, გრანტებზე და შეწყალებებზე არ ვიყიდები. თითქოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის წამოვედი ნოღაიდელთან. ტყუილია. მე ასი ათასობით ლარი რომ მიმეტაცებინა გაზეთ “აჭარიდან”, ჩემს ბინაში დღეს “ასტუპნოით” გიორგი კირთაძე არ იცხოვრებდა” (გიორგი კირთაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა).

დავით ჩხარტიშვილი ბათუმის საკრებულოში შევიდა ნაციონალური მოძრაობის სიით. დაახლოებით ერთი წლის წინ მან ეს პარტია დატოვა და “რესპუბლიკელების” ფრაქციაში გადავიდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი