ახალი ამბები

კობახიძის თქმით, რუსთაველზე ზელენსკის მიმართვას არ დაესწრებიან

4 მარტი, 2022 • 5433
კობახიძის თქმით, რუსთაველზე ზელენსკის  მიმართვას არ დაესწრებიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წევრები რუსთაველის გამზირზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მოსასმენად არ მივლენ.

კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ენმ-სგან განსხვავებით, „ოცნება“ უკრაინას გულწრფელად თანაუგრნობს,  უკრაინის ხელისუფლების „ალოგიკური“ ნაბიჯის გამო, ისინი რუსთაველის გამზირზე არ მივლენ.

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა… ჩვენ აღარ გვინდა ამ კრიტიკის გაგრძელება გასაგები მიზეზების გამო, უკრაინაში არის ომი. შესაბამისად, ჩვენ კრიტიკაში არ და ვერ შევალთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასეთი ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება იქ.

ძალიან მარტივად არის აქ საქმე. მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ ჩვენს მხარეს არის გულწრფელი, ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან“, რომლებიც დღეს იქ იდგებიან, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, ჩვენ იქ ვერ მივალთ ამ ერთი მარტივი მიზეზის გამო“, – განაცხადა კობახიძემ.


დღეს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს. თბილისთან ერთად ზელენსკის მიმართვა იქნება ფრანკფურტში, პრაღაში, ლიონში, ბრატისლავაში, ვენასა და ვილნიუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი