ახალი ამბები

ლავროვი აშშ-ს ნაპოლეონსა და ჰიტლერს ადარებს „ევროპის დამორჩილებისთვის“

3 მარტი, 2022 • 1342
ლავროვი აშშ-ს ნაპოლეონსა და ჰიტლერს ადარებს „ევროპის დამორჩილებისთვის“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეერთებულ შტატებს ადარებს „ნაპოლეონს და ჰიტლერს“ – „ევროპის დამორჩილებისათვის“.

ლავროვმა 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე კვლავ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აშშ-ისა და ნატოსთვის გაგზავნილ წინადადებეზე, სადაც ალიანსის გაფართოების პროცესის შეჩერებას ითხოვს.

„დასავლეთი თავს არიდებს პასუხის გაცემას ჩვენს ცხად შეთავაზებაზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით… დიახ, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეუერთდეს კავშირს ან ალიანსს, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გააძლიეროს მისი უსაფრთხოება სხვა ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე“, – განაცხადა ლავრომა.

ლავროვი კვლავ იმეორებს კრემლის პროპაგანდის ნარატივს, რომ „ნატო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“:

„ისინი აძლიერებენ საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, „არ ინერვიულოთ უკრაინის ან სხვა რომელიმე არაწევრი ქვეყნის ნატოში შეერთებაზე, ეს არ შექმნის რუსეთისთვის უსაფრთხოების გამოწვევას“. რა უფლებით გვისაზღვრავს დასავლეთი, რა არის საჭირო ჩვენი უსაფრთხოებისათვის“?

ლავროვის თქმით, ეს მსჯელობა ჰგავს აშშ-ის მოქმედებას ევროპის მიმართ:

„გერმანიას და ევროპას გადაუწყვიტეს, თუ რა არის საჭირო ევროპის კონტიტენტზე მათი ენერგოუსაფრთხოებისთვის და გადაწყვიტეს, რომ „ნორდ სტრიმი 2“ არ სჭირდებათ, რადგან ისინი მიაწვდიან ამერიკულ ლიკვიდურ ბუნებრივ აირს (LNG-ს), რომელიც არის მრავალჯერ ძვირი. ასე რომ, ისინი ისმენენ, რასაც ვეუბნებით, მაგრამ გაგება არ უნდათ. ისინი ცდილობენ, თავიანთი წარმოდგენა მოგვახვიონ თავს, როგორ უნდა ვიცხოვროთ“.

„ეს მახსენებს, როგორ სურდათ თავის დროზე ნაპოლეონს და ჰიტლერს დაემორჩილებინათ ევროპა. ახლა ამერიკელები აკეთებენ ამას… ევროკავშირს მიუჩინეს თავისი ადგილი და „ნორდ სტრიმი 2-ის“ ამბავი ცხადად აჩვენებს, რა რეალური ადგილი მიუჩინეს ევროკავშირს მსოფლიო არენაზე. უბრალოდ აიძულეს და მორჩა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • „არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე“.

საპასუხო წერილში შეერთებული შტატები ხას უსვამს, რომ „ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას“ და, შესაბამისად, უარს არ ამბობს უკრაინისა და საქართველოს ალიანში გაერთიანების პერსპექტივაზე.

ამასთან, ნატოს პასუხშიც არის მხარდაჭერილი ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს უფლებას, აირჩიოს მისთვის სასურველი შეთანხმება უშიშროების სფეროში „გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად“.

რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის საზღვართან ჯარისკაცების მასობრივი მობილიზების შემდეგ, 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა.

მას შემდეგ რუსული ძალები განუწყვეტლივ ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი