რუსეთის ძალები კვლავ ცდილობენ წინსვლას უკრაინის რიგი ქალაქების მიმართულებით. გაეროს მონაცემებით, პუტინის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
აქ ნახავთ, 3 მარტის მონაცემებით, რა მოხდა გასულ ღამეს:
- რუსეთის ძალებმა კონტროლი დაამყარეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ხერსონზე, რომელიც უკრაინის სამხრეთში მდებარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ადასტურებენ. ეს პირველი სტრატეგიული ქალაქია, რომლის დაკავებაც რუსეთმა შეძლო ომის დაწყებიდან დღემდე;
- ქალაქ მარიუპოლის მერის თქმით, შიშობენ, რომ ქალაქის რამდენიმესაათიანი, უწყვეტი დაბომბვის ფონზე, ასობით ადამიანია დაღუპული. მეორე მხრივ, არმიის თანახმად, ქალაქი კვლავ მათი კონტროლის ქვეშ რჩება და რუსეთის ძალები კვლავ წარუმატებელნი არიან თითქმის ყველა იმ მიმართულებაზე, სადაც წინსვლას ცდილობენ;
- BBC-ის ცნობით, კვლავ მძიმედ იბომბებოდა ქალაქი ხარკოვი;
- აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ კიევთან ახლოს რუსული სამხედრო მანქანების დიდი კოლონა შეფერხდა საწვავის და საკვების დეფიციტის გამო;
- კიევის თანახმად, გასულ პერიოდში რუსეთის ძალები აგრძელებდნენ შეტევას დედაქალაქ კიევთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე – ვიშგოროდზე, ფასტივსა და ობუხივზე. ამასთან, რუსული საველე ბანაკები სხვა რაიონებშიც გამოჩნდა, შავი ზღვის არეალში კი შენიშნეს რუსი მედესანტეები, რომლებიც საპორტო ქალაქ ოდესის მიმართულებით მიიწევდნენ;
- კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვრცელდება შესაბამისი კადრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ორი აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, რასაც მოჰყვა კიდევ ორი- ერთ-ერთ მეტროსადგურთან;
- ჰააგის საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში დაიწყო გამოძიება უკრაინაში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. “გარდიანის” მიხედვით, პროცესი დაჩქარდა მას შემდეგ, რაც გამოძიების მოთხოვნით ჰააგას 38-მა ქვეყანამ მიმართა;
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ახალი მიმართვა, რომელშიც ხაზი გაუსვა უკრაინელების სიმამაცეს თავიანთ ქვეყნის დასაცავად;
- გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხუთშაბათს გაიმართება. The Guardian-ის მიხედვით, რუსული მხარის წარმომადგენელმა თქვა, რომ დღის წესრიგში არის ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა, უკრაინის თქმით, მოსკოვის მოთხოვნები მიუღებელია და რუსეთმა ჯერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს;
- გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უმრავლესობით დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მოსკოვს სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, 35-მა თავი შეიკავა, 5 კი – რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა – წინააღმდეგ წავიდა.
ფოტო გარეკანზე: დამწვარი შენობები კიევთან მდებარე პატარა ქალაქ ბოროდიანკაში. 02.03.22 © EPA
