ახალი ამბები

სუბელიანი ქარიშხლისგან დაზარალებულ დევნილებთან

8 აგვისტო, 2011 • 1335
სუბელიანი ქარიშხლისგან დაზარალებულ დევნილებთან

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა, სახურავახდილი ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა ინახულა. შენობაში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ქარიშხლისგან დაზიანებულ შენობაში სარემონტო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.

ყოფილი 72-ე ბაგა-ბაღის შენობა ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში, მდებარეობს. ცენტრალური გამზირიდან ოციოდ მეტრში ნაძვანარით გარშემორტყმული სამი შენობა დგას. სამივე მათგანში აფხაზეთიდან დევნილი თერთმეტი და სამი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

გაგრიდან დევნილი სვეტლანა ოდიკაძე  უკვე ორი წელია რაც შატილის ქუჩის ნომერ სამში ცხოვრობს. 2007 წელს დიდუბიდან, კომპაქტური ჩასახლების ცენტრის დაზიანების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და რაიონის გამგეობამ ბაგა-ბაღის შენობაში დაასახლეს.

ქალბატონი სვეტლანა იხსენებს, რომ 2008 წელს სამინისტრომ ორი შენობა თუნუქის სახურავით გადახურა, ერთი მათგანი კი არ საჭიროებდა მაშინ შეკეთებას. 2010 წლის 1 მარტს თბილისში ამოვარდნილმა ქარიშხლმა ერთ-ერთ ახალგადახურულ შენობას სახურავი მთლიანად მოხადა და მეორე შენობაც დააზიანა.

ქალბატონი სვეტლანას მეზობლები ამბობენ, რომ სამინისტორს ცხელ ხაზზე რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ, გამოიგზავნა ჯგუფები, რომლებიც დღემდე მუშაობენ. შენობის ყველაზე მეტად დაზიანებული სახურავის ნახევარი უკვე გადახურულია.
სამშენებლო საქმიანობას ”არკ სტუდია პერისტილი” ასრულებს. კომპანიის დირექტორის, ზვიად ხომერიკის, განცხადებით სამუშაოები დაახლოებით ათ დღეში დასრულდება.

კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრიც მივიდა და სარემონტო სამუშაოები მოინახულა. სამუშაოების მონახულების შემდეგ იგი დევნილებს გაესაუბრა და მათი სურვილები  მოისმინა.
დევნილები კმაყოფილი არიან იმით, რომ სამინისტრომ მათი სახლები 2007 წელს გაარემონტა. მათ ”კუსტარულად დამონტაჟებული დენის მრიცხველეები” უდგათ და როგორც ამბობენ  ”უკონფლიქტოდ იხდიან” ელექტროენერგიის გადასახადს.  ბუნებრივი აირი კი არ მიეწოდებათ, რადგან შენობა ჯერ არ არის პრივატიზებული იქ მაცხოვრებლების სახელზე. ყველაზე მეტად კი პრივატიზაციის პრობლემა აწუხებთ.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ყველა ძირითად პრობლემას მოუგვარებს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. სახურავის შეკეთების შემდეგ, დევნილებს შეეხებათ ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ყველაზე დიდი დაბრკოლების, საცხვორებელების გადაუფორმებლობის, დაძლევა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც შატილის სამ  ნომერში მცხოვრები ყველა სრულწლოვანი დევნილი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. სამინისტრო ჩაატარებს აღწერას და მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომ სადავო ფართები არ აქვთ დევნილებს, დაიწყება პრივატიზების პროცესი.

დევნილები აპირებენ, მიმართონ ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროს ფართების პრივატიზების თხოვნით. ამის შემდეგ კი ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებასაც შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი