უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული „სბერ ბანკი“ (Сбербанк), რომელიც ქვეყნის ყველაზე მსხვილი გამსესხებელია, იპოთეკური სესხების წლიურ საპროცენტო განაკვეთს 7.5 პროცენტული პუნქტით, 18.6%-მდე ზრდის.
ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება ТАСС ავრცელებს ბანკის პრესცენტრზე დაყრდნობით.
ბანკის ცნობით, ცვლილება უკვე გაცემულ სესხებს არ შეეხება, თუმცა ახალი კრედიტის ამღებ პირებს პირველი მარტიდან მაღალ საპროცენტო განაკვეთზე მოუწევთ დათანხმება.
იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა VTB ბანკმაც. 28 თებერვლიდან 4 პროცენტული ერთეულით, 15.3%-მდე გაზარდა განაკვეთი.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ ძირითად განაკვეთს 9.5%-დან 20%-მდე ზრდის.
დასავლეთმა რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესა, მათ შორის SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან გარიცხეს რუსული ბანკები, ასევე, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვები. რუსული რუბლი რეკორდული სიჩქარით უფასურდება.