ახალი ამბები

რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი – იმნაძე გაეროში

1 მარტი, 2022 •
რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი – იმნაძე გაეროში

გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი ელჩი კახა იმნაძე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

სხდომაზე, რომელიც უკრაინას ეხებოდა, იმნაძემ თქვა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი. თავის გამოსვლაში კახა იმნაძე ამბობს, რომ სხდომაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ – „რადგან გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი მშვიდობისა და უსაფრთხოების მცველის როლში“.

გამოსვლაში ის აგრძელებს, რომ გაეროს წევრის მიერ სხვა წევრი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენება არღვევის გაეროს წესდებას და წარმოადგენს აგრესიის აქტს.

„რასაც ჩვენ ვხეადვთ უკრაინაში, ეს არის აგრესიის აქტი რუსეთის მხრიდან და ჩვენ მას ვგმობთ. წინა კვირას ზუსტად ამ ტრიბუნიდან ვისაუბრე რუსეთის ქცევის მოდელზე მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ შეუძლებელი აღმოჩნდა იმავე სცენარის განვითარების თავიდან აცილება უკრაინაში.

საქართველოში ჩვენ ვიცით, რა არის ომის ფასი, ჩვენ ვიცით მისი საზარელი შედეგების შესახებ, ვიცით, რომ უდანაშაულო ადამიანები – ქალები და ბავშვები – არიან ისინი, ვინც იხდიან ყველაზე მაღალ ფასს. ეს გამანადგურებელია არა მხოლოდ მათთვის, ვინც მას უშუალოდ განიცდის, არამედ თან ჰყვება მომავალ თაობებსაც“, – აცხადებს ის.

იმნაძე ხაზს უსვამს, რომ ჰელსინკის დასკვნით აქტში, პარიზის ქარტიასა და ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ექვემდებარება გადახედვას – „მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ დიდი და ძლიერი შეიძლება იყოს ქვეყანა: ტერიტორიების მითვისება ძალით ან  მუქარით უკანონოა და მიუღებელი“.

„საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და გაიწვიოს მისი ძალები უკრაინიდან. წვდომა მისცეს ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მექანიზმებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შეცვალოს გადაწყვეტილება დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის სტატუსებთან დაკავშირებით და იგივე გააკეთოს საქართველოში: გაიწვიოს ძალები, წვდომა მისცეს ჰუმანიტარულ დახმარებას და ოკუპირებულ ტერიტორიათა სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გააუქმოს“.

იმნაძე აღნიშნავს, რომ საქართველო იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანასპონსორი და ასევე, არის თანასპონსორი გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის, რომელიც მალე განიხილება. აღნიშნული პროექტის უკრაინას ეხება.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის და მე გავბედავ და ვიტყვი – სამართალზე დაფუძნებული მომავლისა და ჩვენი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ მოცემულ პროექტს, რათა გადაარჩინოთ შემდეგი თაობები ომის უბედურებას. მხარი დაუჭიროთ გაერთიანებულ ერებს.

დაბოლოს, ჩვენ მივესალმებით გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ჰუმანიტარული ოპერაციების რაოდენობა უკრაინაში და კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, ყირიმისა და დონბასში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი