ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი მხრიდან საფრთხე არავის ემუქრება”- ზალკალიანი აფხაზებსა და ოსებს მიმართავს

1 მარტი, 2022 • 5270
“ჩვენი მხრიდან საფრთხე არავის ემუქრება”- ზალკალიანი აფხაზებსა და ოსებს მიმართავს

“ჩვენი მხრიდან საფრთხე არავის ემუქრება”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებს ქართული მხრიდან შესაძლო სამხედრო პროვოკაციებისა და მათი სამხედრო მზადყოფნის შესახებ:

“ჩვენი მხრიდან საფრთხე არავის ელოდება. თუ ეს ხმა მათ მიეწოდებათ, მინდა ვუთხრა ოკუპირებული ხაზის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რომელიც არის იურიდიულად სავალდებულო და გვაქვს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას.  ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არის მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენი კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში გაგრძელდება იმისთვის, რომ ელემენტარული საშუალებაც არ მივცეთ,  რომ საქართველო წამოგებული იყოს რაიმე პროვოკაციაზე. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არის თანმიმდევრული, ჩვენ ვასრულებთ დეოკუპაციის და ჩართულობის სტრატეგიაზე მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან ერთად და ის უახლოეს პერიოდში  იქნება წარდგენილი”.

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყების ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გეგმურ სწავლებასთან დაკავშირებით ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ასევე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი პროვოკაციისთვის, რომელიც შესაძლოა საქართველოს მხრიდან მომდინარეობდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი