საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმი არ არსებობს, თუმცა საქართველოს მთავრობა ყველა სცენარს განიხილავს გეოპოლოტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.
ამის შესახებ ზალკალიანმა რუსთავი 2-ზე ისაუბრა, სადაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა საქართველო 2024 წლის ნაცვლად ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის დაჩქარებას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა.
ზალკალიანის თქმით, მთავრობას ევროპელ პარტნიორებთან აქვს საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი.
„საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული. ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს ჩვენ უნდა გავაკეთოთ წევრობაზე განაცხადი და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, კოლეგების, ამ სიტუაციაში, როდესაც მიმდინარე აგრესიაა, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით სოლიდარული ვართ მათი და ამავე დროს ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
გუშინ, როდესაც საუბარი მქონდა ჟოზეფ ბორელთან, არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევებზე, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზეც მქონდა საუბარი. ისე, როგორც პრემიერ-მინისტრს გუშინ ჰქონდა საუბარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისართან და საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო, მოლდოვა-საქართველო-უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა.
ასე რომ, ამაზე ვსაუბრობთ. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების. თუმცა, გეოპოლოტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.
დღეს, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.
26 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ინიციატივით გამოვიდა.
საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ტრიოს წევრია. ტრიოს წევრი ქვეყნები მიზნად ისახავენ ევროკავშირში გაწევრიანებას.
საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.
„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებილ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები“, – წერს იგი ტვიტერზე.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე.
„უკრაინა იმსახურებს ამას“, – წერს პრეზიდენტი.