ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თბილისი რუსეთის შესახებ მწვავე შეფასებებისგან თავს იკავებს “- ცხინვალი

28 თებერვალი, 2022 •
“თბილისი რუსეთის შესახებ მწვავე შეფასებებისგან თავს იკავებს “- ცხინვალი

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ფარგლებში უკრაინის ომის ფონზე “ოფიციალური თბილისის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადაიდგას”. ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრელებს.

ცხინვალის ცნობითვე, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის უწყებების ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში გაძლიერებულია ქართულ მხარესთან “საზღვრის” დაცვის რეჟიმი.

“უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდანაც ანალოგიური ქმედებები განხორციელდა. საზღვარზე ცვლილებები, სიტუაციის გამწვავება, ინციდენტები და პროვოკაციები არ არის დაფიქსირებული”.

განცხადებაშივე ნათქვამია, რომ “საქართველოში მთლიანობაში სტაბილურია სიტუაცია. რიგი ოპოზიციური პარტიები, მოძრაობები უკრაინის მხარდასაჭერ ქუჩის აქციებს მართავენ თბილისსა და ბათუმში. საქართველოს ხელისუფლებამ და ადგილობრივმა ელიტამ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინაში ნეგატიურად შეაფასეს, თუმცა მწვავე პროვოკაციული გამონათქვამებისა და შეფასებებისგან თავს იკავებენ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველო არ შეუერთდა”.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები, მათ შორის, გაყინეს რუსეთის ეროვნული ბანკის დასავლური რეზერვები და გათიშეს მსხვილი რუსული ბანკები SWIFT-დან. ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს ან უკრაინაში ჩასვლას. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი