ახალი ამბები

ვინ აგებს პასუხს პატიმრის სიცოცხლეზე

7 მარტი, 2010 • 1238
ვინ აგებს პასუხს პატიმრის სიცოცხლეზე

 “ცხადია უნდა დადგეს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი, როცა ვერ ხერხდება პატიმრის გადარჩენა” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი, უფლებადამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიდან.

ქსნის კოლონიაში ხანძრის გაჩენის გამო ერთი მსჯავრდებული დაიღუპა 6 მარტს. სხვა პატიმრები სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, არ დაშავებულან.

“სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად ქსნის კოლონიაში პრობლემები მოუგვარებელი დარჩა და ამას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა “– ნათქვამია ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში.

” სახალხო დამცველის არაერთ საპარლამენტო  მოხსენებაშია აღწერილი ქსნის კოლონიაში არსებული რთული ვითარება. 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, სახალხო დამცველმა კოლონიაში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებზეც ისაუბრა და კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს” – აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი და დასძენს: “აღსანიშნავია რომ სასჯელაღსრულების დეპარატმენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად, დაახლოებით ერთ თვეში, დაგეგმილია ძველი დაწესებულების ლიკვიდაცია”.

ქსნის კოლონიაში ხანძრის გაჩენის გამო გამოძიება დაიწყო– განუცხადა “ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურმა.

გამოძიებას, ამავე წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

“შესაძლოა დადგეს გამოძიების მიუკერძოებლობის საკითხი, რადგან გამოძიებას იგივე უწყება აწარმოებს. თუმცა რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ეს უკვე ამ ორგანის კომპეტენციაა”– აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი