ახალი ამბები

„3 თვით შეეზღუდოს მაუწყებლობა პროპაგანდისტულ რუსულ არხებს“ – NGO-ები

24 თებერვალი, 2022 • 1453
„3 თვით შეეზღუდოს მაუწყებლობა პროპაგანდისტულ რუსულ არხებს“ – NGO-ები

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესია პუტინის მმართველობისას არის რუსეთის სახელმწიფოს იმპერიული იდეოლოგიის და ამბიციების გამოძახილი, რომლის განხორციელებასაც საბჭოთა რუსული ტოტალიტარული სისტემის გამოცდილების გაცოცხლებით და მექანიზმების აღდგენით უზრუნველყოფს.

ამ მიზნის მისაღწევად კი, ხელმომწერების თქმით, მთავარი ინსტრუმენტია  რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა:

„არსებული რეალობის გათვალისწინებით, უფრო გააძლიერებს მის სამიზნეებზე შეტევას იმ გზავნილებით, რომლებიც პუტინმა გაახმოვანა, რომ  საბჭოთა კავშირი- ეს ისტორიული რუსეთია, რომ „ისტორიულ რუსეთად“ მოაზრებულ სივრცეში არავის არ ჰქონია სახელმწიფოებრიობის ტრადიცია და რომ რუსეთის იდეა დასავლური სამყაროსთვის საფრთხეა და ისინი ესხმიან თავს რუსეთს, რომელიც თავს იცავს.

რუსეთის მიერ დაწყებული ომისა და თანმდევი საინფორმაციო ომის ამ ახალ საფეხურზე გადასვლა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება მზად უნდა შეხვდეს. სამწუხაროდ, წლების მანძილზე სახელმწიფო პოლიტიკის პასიურობის ფონზე, რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და მის შემქმნელებს საქართველოში სასათბურე პირობები აქვთ და ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედებენ, რაც ხელსაყრელ გარემოს უქმნის რუსეთს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე შეტევა უფრო მეტად გააძლიეროს“, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საინფორმაციო ომის საფრთხის გათვალისწინებით, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებენ, 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს.

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებენ, მიიღონ უკრაინის მხარდამჭერი განახლებული რეზოლუცია და აღმასრულებელ დონეზე გადაიდგას უკრაინის მხარდამჭერი ქმედითი ნაბიჯები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია sovlab
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • Საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (GCJE)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მედიის განვითარების ფონდი – MDF

მასალების გადაბეჭდვის წესი