ახალი ამბები

არ ჩატარდეს ლიგის ფინალი პეტერბურგში, გაუქმდეს გაზპრომის სპონსორობა – ევროპარლამენტარები უეფას

23 თებერვალი, 2022 • 885
არ ჩატარდეს ლიგის ფინალი პეტერბურგში, გაუქმდეს გაზპრომის სპონსორობა – ევროპარლამენტარები უეფას

40-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს უეფას, არ მისცენ რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობა, უმასპინძლოს სპორტულ ღონისძიებებს.

წელს, 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი რუსეთში, სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.

წერილში, რომელიც 23 თებერვლით თარიღდება, ევროპარლამენტარები მიმართავენ უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს, ომის არსებული რისკის, „პრეზიდენტ პუტინის მიერ სამხედრო პროვოკაციებისა“ და მის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინებით, ეს მატჩი სხვაგან გაიმართოს.

ამასთან, ევროპარლამენტარები უეფას სთხოვენ, გააუქმოს სპონსორობის ხელშეკრულება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ და დაუწესოს სანქციები „თანამდებობის პირებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში“.

წერილს 40-ზე მეტი ევროპარლამენტარი აწერს ხელს, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა.

„ევროსპორტის“ ცნობით, UEFA „ყურადღებით აკვირდება“ ვითარებას და განიხილავს შესაძლებლობას, რომ წლევანდელი ფინალის ადგილმდებარეობა შეცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი