ახალი ამბები

ზალკალიანი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა უკრაინაზე სასაუბროდ – საგარეო

23 თებერვალი, 2022 •
ზალკალიანი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა უკრაინაზე სასაუბროდ – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა უკრაინის საკითხის განსახილველად.

უწყების თანახმად, „შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე“.

„ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას“, – იუწყება საგარეო უწყების პრესცენტრი,

„დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არსებულ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.პუტინის გადაწყვეტილების პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი