ახალი ამბები

ვრცელდება ინფორმაცია რუსეთთან თამაშისას მძიმე პროვოკაციების შესახებ – ჩიქოვანი

23 თებერვალი, 2022 • 3527
ვრცელდება ინფორმაცია რუსეთთან თამაშისას მძიმე პროვოკაციების შესახებ – ჩიქოვანი

„ქართული ოცნების“ განცხადებით, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე „მძიმე პროვოკაციები“ იგეგმება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 23 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რა პროვოკაციაზეა საუბარი. თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები რუსული თამაშის ნაწილია და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული.

„ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლებელია იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება. გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ბოლო დღეების განმავლობაში  მათი რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფი უკრაინის მხარდამჭერ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხროციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული რუსული სცენარის ნაწილია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ პარტიული ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები დააყენოს.

„მოვუწოდებ მათ, დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.


ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ ქვეყანაში ხელახალი შეჭრის რისკისა და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, ქართველ გულშემატკივართა ნაწილი, – მათ შორის პოლიტიკური პარტიები (მაგ. „ევროპული საქართველო“), – გეგმავს, მატჩს უკრაინის დროშებით დაესწროს.

რაგბის კავშირის გადაწყვეტილება, რომ მატჩის პოსტერები უკრაინულად გამოექვეყნებინა, ასევე აღიქმებოდა, როგორც უკრაინის მხარდაჭერის ჟესტი. თუმცა დღისით გამოქვეყნებული პოსტერები გვიან საღამოს განმარტების გარეშე წაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი