ახალი ამბები

მაშფოთებს „სამშვიდობოების“ კონცეფციის გაუკუღმართება – გუტერეში

23 თებერვალი, 2022 • 1201
მაშფოთებს „სამშვიდობოების“ კონცეფციის გაუკუღმართება – გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფაა“.

გუტერეშის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი „პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს წესდების პრინციპებს“, ის არის „მომაკვდინებელი დარტყმა მინსკის შეთანხმებაზე“.

„მე ასევე შეშფოთებული ვარ სამშვიდობო მისიების კონცეფციის გაუკუღმართებით. მეამაყება გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მიღწევებისა, რა დროსაც უამრავ ცისფერჩაფხუტიანს [ასე უწოდებენ გაეროს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს] შეუწირავს სიცოცხლე სამოქალაქო პირების დასაცავად.

როდესაც ერთი ქვეყნის ჯარისკაცები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე იჭრებიან, ისინი არ არიან „მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები“. ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დროა, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.


რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი დონეცკის დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

ამ ნაბიჯის პასუხად შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი