ახალი ამბები

რას წარმოადგენენ რუსი ოლიგარქები და ბანკები, რომელთაც UK-მ სანქციები დაუწესა

22 თებერვალი, 2022 • 2036
რას წარმოადგენენ რუსი ოლიგარქები და ბანკები, რომელთაც UK-მ სანქციები დაუწესა

ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების” აღიარების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკსა და 3 რუს ოლიგარქს სანქციებს უწესებს.

ლონდონში აცხადებენ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პირები და ინსტიტუციები, რომლებიც  მონაწილეობენ უკრაინის დესტაბილიზაციაში/ საფრთხეს უქმნიან მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს/მხარს უჭერენ რუსეთის მთავრობას/სარგებელს იღებენ მისგან.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ სანქცირებულთა სიას დიდი ბრიტანეთის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასაბუთებებთან ერთად:

გენადი ტიმჩენკო

ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, მილიარდერი ტიმჩენკო ბანკ Rossiya-ს ძირითადი აქციონერია, აღნიშნული ბანკი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს საკვანძო დაინტერესებულ მხარეს “ეროვნულ მედიაჯგუფში”.

ზემოხსენებული ჯგუფი რუსეთში მოქმედი კერძო მედიაჰოლდინგია, რომელიც Rossiya-ს უმსხვილეს აქციონერთან და პუტინის პირად ბანკირად ცნობილ იური კოვალჩუკთან არის აფილირებული.

ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, “ეროვნული მედიაჯგუფი” მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას, რომლითაც უკრაინის დესტაბილიზაცია ხორციელდება.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, Rossiya ბანკმა გააფართოვა თავისი სერვისები ყირიმსა და სევასტოპოლში, ასევე, მხარი დაუჭირა სამხედრო აქტივობებსა და ძირითადი სატრანსპორტო კავშირების ფორმირებას, რაც ნახევარკუნძულზე მოგზაურობას აადვილებს.

დეპარტამენტის განცხადებით, ზემოხსენებული ბანკი მხარს უჭერს ყირიმის გაერთიანებას რუსეთის ფედერაციაში ფინანსური სისტემის ინტეგრაციის გზით.

შესაბამისად, მის ძირითად აქციონერს, გენადი ტიმჩენკოს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ადანაშაულებს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერაში, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

იგორ როტენბერგი

“გაზპრომის” მეწილე იგორ როტენბერგი ცნობილი რუსი ბიზნესმენია, რომელსაც მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს პრეზიდენტ პუტინთან. ამასთან, ის ეროვნული ტელემატური სისტემების (NTS) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

.ხაზინის დეპარტამენტის მიხედვით, NTS-ის საქმიანობა დაკავშირებულია სატრანსპორტო სექტორთან, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა რუსეთის მთავრობისთვის.

შესაბამისად, ხსენებული უწყების დირექტორთა საბჭოში საქმიანობით იგორ როტენბერგი სარგებელს იღებს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას.

ამასთან, როტენბერგი RT-Invest Transport Systems (RTITS)-ის აქციონერიცაა. RTITS, „პლატონის“ სისტემის მეშვეობით, რომელიც ტრაილერებისაგან გადასახადის ასაკრეფად შეიქმნა, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო სექტორში საქმიანობს. ის ასევე იღებს სარგებელს რუსეთის მთავრობისგან.

ბორის როტენბერგი

ბორის როტენბერგი იგორ როტენბერგის ბიძა და ცნობილი რუსი ბიზნესმენია, რომელსაც მჭიდრო პირადი კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან.

გარდა იმისა, რომ რუსეთში გაზსადენების უმსხვილესი სამშენებლო ფირმის, SGM ჯგუფის თანამფლობელია, როტენბერგი რუსეთის მთავრობასთან აფილირებული SMP ბანკის ძირითადი აქციონერი და დირექტორთა საბჭოს წევრიც არის.

“[SMP ბანკი]… იღებს ფინანსურ ან სხვა მატერიალურ სარგებელს რუსეთის მთავრობისგან და საქმიანობს საფინანსო სექტორში, რომელიც რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”, — დასძენს დეპარტამენტი.

შესაბამისად, უწყების თქმით, როტენბერგი SMP ბანკში თავისი საქმიანობით სარგებელს იღებს/იღებდა რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს ამ უკანასკნელს.

ბანკი “რასია” (Rossiya)

ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნულ ბანკს მოიხსენიებს ინსტიტუციად, რომელსაც რუსეთის ელიტის მილიარდერები ფლობენ da მჭიდრო პირადი კავშირები აქვთ ვლადიმერ პუტინთან.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ბანკმა ნახევარკუნძულზე თავისი ფილიალები გახსნა.

ამგვარად, ბანკის ოპერაციები დეპარტამენტის მიერ შეფასებულია ისეთ პოლიტიკაში ჩართულობად, მის მხარდაჭერად ან ხელშეწყობად, რომელსაც, შესაძლოა, წვლილი შეეტანა უკრაინის დესტაბილიზაციაში.

“შავი ზღვის ბანკი განვთარებისა და რეკონსტრუქციისთვის” (BLACK SEA BANK FOR DEVELOPMENT AND RECONSTRUCTION)

ბანკი ყირიმში, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს შეიქმნა. ხაზინის დეპარტამენტის თქმით, BLACK SEA BANK-მა ისარგებლა, ერთი მხრივ, საბანკო სექტორის შიშით დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი — ყირიმში ბანკების ნაკლებობით.

GENBANK

ეს არის რუსული ფინანსური ინსტიტუცია, რომელიც ფართოდ საქმიანობს ანექსირებულ ყირიმში.

“ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიაზე საბანკო და სხვა ფინანსური სერვისების უზრუნველყოფით, [კომპანია] ხელს უწყობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვას ან საფრთხეს უქმნის მას”, — დასძენს ხაზინის დეპარტამენტი.

IS Bank

კიდევ ერთი რუსული ბანკი, რომელიც ყირიმში საქმიანობს მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ბანკებმა ნახევარკუნძულზე ოპერირება შეწყვიტეს. დეპარტამენტის განცხადებით:

“მისი ბიზნესის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ყირიმის ანექსიასთან. გარდა ამისა, ახორციელებს ფინანსურ მომსახურებას, რითაც ხელს უწყობს ყირიმის ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში ფინანსური სისტემის მეშვეობით”.

PROMSVYAZBANK

რუსული სახელმწიფო ბანკი, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებს აფინანსებს.

დეპარტამენტის შეფასებით, PROMSVYAZBANK, როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის საკვანძო ბანკი, შესაძლოა, ხელმისაწვდომს ხდიდეს ისეთ ფინანსურ სერვისებსა და ეკონომიკურ რესურსებს, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუწყოს უკრაინის დესტაბილიზაციას.

“მხოლოდ დასაწყისი”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, სანქციების ადრესატებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ასევე, ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქესა და კომპანიას ეკრძალება მათთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა, გაიყინება ნებისმიერი აქტივი, რომელსაც აღნიშნული კომპანიები და ოლიგარქები გაერთიანებულ სამეფოში ფლობენ.

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და სანქციები უფრო მასშტაბური, ყოვლისმომცველი იქნება და რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანისთვის.

ბრიტანეთის პრემიერის ინიციატივას დაეთანხმნენ ოპოზიციონერი პარლამენტარებიც და დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

BBC’s-ის ბიზნესის კორესპონდენტის შეფასებით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციათა ზემოხსენებული პაკეტით მიზანში ამოიღო არა რუსეთის უმსხვილესი ბანკები, არამედ ბანკები, რომელთაც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირთა წრე იყენებს.

პუტინის გადაწყვეტილება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობა, რუსი სამხედროები კი უკრაინის ამ ტერიტორიაზე „სამშვიდობო მისიით“ გაგზავნა.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არაფრის ეშინია და ის არაფრის დათმობას აპირებს. მანვე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტაზე ისაუბრა.

პუტინის გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში შექმნილი კრიზისული ვითარების საპასუხოდ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (Nord Stream 2) არის გაზსადენი, რომლითაც წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში უნდა გავიდეს.

ამასთან, აშშ-ის პირველადი სანქციების ფარგლებში, აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკებში” ინვესტიციები აკერძალებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი