ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთს მთავარი როლი აქვს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში” – ალიევი

22 თებერვალი, 2022 •
“რუსეთს მთავარი როლი აქვს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში” – ალიევი

მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯან-რუსეთის სამოკავშირეო დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ეს სრულიად ახალი ეტაპია ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ეს შესაძლებელი გახდა, მათ შორის, ყარაბაღის საკითხის დარეგულირების [ჯერ კიდევ ბოლომდე მისაყვანი] მიღწევის შემდეგ”, – განაცხადა პუტინმა შეხვედრისას.

ორმხრივი მოკავშირეობის მემორანდუმი პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს შეეხება და ოფიციალური ცნობითვე, ორი ქვეყნის ურთიერთობების “ხარისხობრივად ახალ ეტაპზე” გადასვლას მოიაზრებს.

“რუსეთმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებაში. რუსეთი მთავარ როლს ასრულებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობების შექმნაში”, – განაცხადა ალიევმა პუტინთან შეხვედრის დროს.

2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა. ომი აზერბაიჯანის გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამმხრივი შეთახმებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი