რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მოსახლეობას მოუწოდებს, „სჯეროდეთ“ რუსული რუბლის:
„ხდება ხოლმე, რომ საფონდო ბირჟაზე აფასებენ რისკებს. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, უმკლავდება გამოწვევებს“, – განაცხადა ვოლოდინმა „ინტერფაქსის“ კითხვაზე პასუხად.
„ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ეროვნული ვალუტის. უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, შემდეგ კი რუბლი აღდგება და გაძლიერდება“, – განაცხადა მან.
„2014-15 წლებში მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ დღეს ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ, ვვითარდებით, გადაწყვეტილებებს ვიღებთ. იმის თქმა, რომ ახლა უფრო რთულად გვაქვს საქმე, ვიდრე ადრე, ალბათ, არ არის სწორი“, – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსული რუბლი აშშ დოლართან კვლავ გაუფასურდა.
Forbes-ის ცნობით, ამჟამად 1 აშშ დოლარის ყიდვა 79.3 რუბლად არის შესაძლებელი. რუბლმა დოლართან გაუფასურება 2014 წლიდან – ყირიმის ანექსიის პერიოდიდან – დაიწყო.
ამავე გამოცემის თანახმად, 5%-ით შემცირდა გაზპრომის – რუსეთის უდიდესი კომპანიის ($73.5 მლრდ ბაზრის კაპიტალიზაციით) – აქციების ღირებულება.
თუმცა Brent Crude-ის (ნავთობის საეტალონო მარკა) ღირებულება 4.14%-ით გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულება 96.95$ შეადგინა, რაც დადებითი ნიშანია რუსეთის ეკონომიკისათვის, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე.
უკრაინაში ვითარების დაძაბვის ფონზე, შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, წარმოუდგენლად მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ.