ახალი ამბები

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი — ჰარისი

19 თებერვალი, 2022 • 1744
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი — ჰარისი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, რაიან ჰარისის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვს დეესკალაციის გზას სთავაზობს, თუმცა არ თმობს თავისი პარტნიორების უსაფრთხოებას. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომლითაც მან უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები შეაფასა.

ჰარისის განცხადებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ საზღვრიდან სამხედრო ძალების გაყვანას გეგმავენ, თუმცა “სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს”.

“ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. თქვენ იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.

…ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს.

სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 000 სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია”, — დასძინა მან.

რაიაინ ჰარისის თქმით, ვაშინგტონში ზუსტად არ იციან, რა მოხდება, თუმცა უშვებენ, რომ რუსეთი შეეცდება, შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. მისი სიტყვებით, ამავეს ხედავენ აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები:

“აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას.

რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა მან ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს.

უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ”.

ჰარისის თქმით, აშშ იდგება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება:

“თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, აშშ-ისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი.

ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას. ჩვენ გვირჩევნია, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიას და სხვა მრვალ გადაუდებელ საერთო პრობლემას.

დიპლომატია ერის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”.

დასავლეთის ქვეყნები, რამდენიმე კვირაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ, 18 თებერვალს კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თავად მოსკოვი აღნიშნულს უარყოფს.

18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტმა ლიდერებმა, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს უდგანან სათავეში, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია დაიწყეს.

19 თებერვალს ორივე სეპარატისტმა ლიდერმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. ისინი კიევის მხრიდან “დაგეგმილი აგრესიის” შესახებ საუბრობენ, რასაც უკრაინა უარყოფს.

პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია მიიღო დონეცკში ინფრასტრუქტურული ობიექტების დანაღმვის შესახებ. უწყების თქმით, ეს არის ე.წ. ყალბი შეტევისათვის მზადების ნაწილი, რომლის მიზანიც თავდასხმაში ოპონენტის დადანაშაულებაა.

დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს — Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი