ახალი ამბები

მე-4 კვარტალში უმუშევრობა შემცირდა და 19% შეადგინა – საქსტატი

18 თებერვალი, 2022 • 1133
მე-4 კვარტალში უმუშევრობა შემცირდა და 19% შეადგინა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4, წინა კვარტალთან შედარებით კი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის მე-4 კვარტალი გულისხმობს წლის ბოლო სამ თვეს – ოქტომბერს, ნოემბერსა და დეკემბერს.

ქვემოთ მოცემულო დიაგრამაზე ჩანს უმუშევრობის დონე 2018-2021 წლებში კვარტალების მიხედვით:

2021 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (რასაც საქსტატი განმარტავს, როგორც 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობას) 51.2 პროცენტი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე იმავე პერიოდში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2021 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2018-2021 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი