ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სომხეთში 20 პირს ასამართლებენ

18 თებერვალი, 2022 • 2125
აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სომხეთში 20 პირს ასამართლებენ

გამოცემა azatutyun.am -ის ცნობით, სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს სომხეთის სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ფაქტებს შეეხება.

ოფიციალური ცნობით, სისხლის სამართლის გამოძიება სომხეთის 20 მოქალაქის წინააღმდეგ არის დაწყებული, მათ შორის 14 პირს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეები ჩართული იყვნენ ჯაშუშურ ქსელში და 2020 წლის 44- დღიანი ომის დროს სხვა ქვეყნის სამსახურებს გადასცემდნენ სამხედრო სახის ინფორმაციას, რის შედეგადაც ომის მსვლელობისას აზერბაიჯანი იღებდა ზუსტ ინფორმაციას სამხედრო კონტინგენტის გეოგრაფიული კოორდინატებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შედეგად კი, აზერბაიჯანი უპილოტო საფრენი აპარატებისა და არტილერიის მეშვეობით წერტილოვან დარტყმებს აყენებდა სომხურ პოზიციებს.

ოფიციალური ცნობითვე, უცხო ქვეყნის სამსახურებმა ფულის სანაცვლოდ, ჯაშუშურ ქსელში”ჩაითრიეს” როგორც ყოფილი, ასევე, იმ დროს მომუშავე სამხედრო პირები.

2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა. ომი აზერბაიჯანის გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამმხრივი შეთახმებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი