ახალი ამბები

ინფლაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა – ფინანსთა მინისტრი

17 თებერვალი, 2022 • 1118
ინფლაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა – ფინანსთა მინისტრი

ფინანასთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა. ამის შესახებ მან დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით უფრო სტაბილური მდგომარეობა იქნება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე უპასუხა ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, რომ მინისტრის პარლამენტში მისვლის დროს ლარი მყარდება.

„რამდენჯერაც მოხვედით პარალმენტში, რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს?“ – იკითხა გოცირიძემ.

„ძალიან უცნაური პარალელი იქნა გავლებული პარლამენტში ჩემს ვიზიტსა და ვალუტის კურსთან მიმართებით. ნამდვილად არ დავკვირებივარ, ასეთი კორელაცია თუ არსებობდა ამ ორს  შორის, თუ ასეთი კორელაციაა, მე შემიძლია ყოველდღე მოვიდე საქართველოს პარლამენტში.

ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იცით, რომ დაახლოებით აპრილი-მაისის თვიდან ლარმა დაიწყო მნიშვნელოვანი გამყარება და ეს გამყარება გრძელდება. ყოველთვის, როდესაც ხდება მკვეთრი ცვლილება ან ზრდის, ან შემცირების მიმართულებით, ბუნებრივია, ამას მოჰყვება გარკვეული რყევები დროის მცირე მონაკვეთში და არა მხოლოდ საქართველოშია ასე. შესაბამისად, ბოლო დღეებშიც მოხდა ლარის კურსის მნიშვნელოვანი გამყარება. ბუნებრივია, ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ინფლაციასთან დაკავშირებით კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მთელ მსფოლიოშია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც პანდემიაა.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნამდვილად არის ინფალაცია ქვეყანაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.  მე დასახელებული მქონდა კონკრეტული მიმართულებები, რა მიმართულებითაც საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა ფასების ზრდა და შეუძლებელია, ეს არ აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე.

გარკვეულწილად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ინფლაცია არის პანდემიის თანმდევი ეფექტი ეკონომიკაში და, ბუნებრივია, რომ როგორც იზოლირებულად ვერ შევძლებთ, რომ პანდემიის გავრცელება მხოლოდ საქართველომ აიცილოს თავიდან, ინფლაციის გადმოდინებაც შეუძლებელია, რომ საქართველოზეც არ აისახოს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებულმა ჯანდაცვის ხარჯებმა საბიუჯეტო დეფიციტის ზრდაც გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი