ახალი ამბები

ქუვეითში გააუქმეს კანონი, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ იყენებდნენ

17 თებერვალი, 2022 • 1303
ქუვეითში გააუქმეს კანონი, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ იყენებდნენ

ქუვეითმა გააუქმა კანონი, რომელსაც სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანების სამართლებრივი დევნისთვის იყენებდა. გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

ქუვეითის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლში 2007 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, “საპირისპირო სქესის მიბაძვად” წოდებული აქტი დანაშაულად ჩაითვალა და ერთ წლამდე პატიმრობას, ასევე, ჯარიმას დაექვემდებარა.

თუმცა 2021 წლის 16 თებერვალს სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელიც პერსონალურ თავისუფლებას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International გადაწყვეტილებას მიესალმა. ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ოფისის დირექტორის მოადგილე ლინ მაალუფი დასძენს, რომ ეს არის “რეგიონში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების [კუთხით] მნიშვნელოვანი მიღწევა”.

“ქუვეითის ხელისუფლებამ ახლა 198-ე მუხლის სრულად გაუქმება უნდა უზრუნველყოს.

მათ ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ტრანსგენდერი ადამიანების თვითნებური დაპატიმრებები და გააუქმონ ყველა ბრალდება და მსჯავრდადება მათ წინააღმდეგ, რომლებიც ამ ტრანსფობიური კანონის მიხედვით გამოიტანეს”, — აღნიშნავს ის.

Amnesty International ქუვეითის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს 40 წლის ტრანსგენდერი ქალი მაჰა ალ-მუტაირი, რომელიც ხსენებული კანონის გამოყენებით გასული წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და დააჯარიმეს.

მისი ადვოკატი ორგანიზაცია Human Rights Watch-ს ეუბნებოდა, რომ სასამართლომ გამოიყენა სოციალურ მედიაში ატვირთული ვიდეოები, რათა ალ-მუტაირი გაესამართლებინა იმისთვის, რომ იკეთებდა მაკიაჟს, საუბრობდა თავის გენდერულ იდენტობაზე, აკრიტიკებდა მთავრობას და სხვა.

ალ-მუტაირი ქუვეითში თავისი გენდერული იდენტობის გამო არაერთგზის დაუკავებიათ. 2020 წლის ივნისში მან სოციალურ მედიაში ვიდეო ატვირთა, რომელშიც თქვა, რომ 2019 წელს, როცა კაცების ციხეში 7 თვით იყო დაკავებული, პოლიციელებმა გააუპატიურეს და სცემეს. BBC-ის ცნობით, ვიდეოს გავრცელების შემდეგ შესაბამისმა უწყებებმა ალ-მუტაირი დაიბარეს.

ამავე ტელეკომპანიის თანახმად, ქუვეითის სისხლის სამართლის კოდექსით კვლავ ისჯება სქესობრივი ურთიერთობები ქორწინების გარეშე, ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები (კაცებს შორის) კი 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი