ახალი ამბები

თურქეთში დაკავებულ “რუს ჯაშუშებს” 33 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

16 თებერვალი, 2022 •
თურქეთში დაკავებულ “რუს ჯაშუშებს” 33 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

სტამბოლის პროკურატურა 33 წლამდე პატიმრობას ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს: ინფორმაციას თურქული Daily Sabah ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, კონტრტერორისტული ბიუროს მიერ მომზადებული 25-გვერდიანი საქმე სასამართლოში უკვე გაიგზავნა. ბრალდებები მოიცავს პოლიტიკურ ან სამხედრო ჯაშუშობას, ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევასა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას.

Daily Sabah-ის მიხედვით, ჯგუფის წევრები ეჭვმიტანილნი არიან თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი  ოპოზიციონერის — კოდური სახელით “აბდულჰაქიმ” —  მკვლელობის დაგეგმვაში.

“საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოჩენილია სამი პისტოლეტი, მაყუჩები, საბრძოლო მასალის დიდი ოდენობა, ასევე, სანომრე ნიშნები”, — წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ბრძანება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ბიძაშვილებისგან, ადამ დელიმხანოვისა და კაზბეკ დუკუზოვისგან მოდიოდა.

თურქულმა მედიამ თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტალიაში დააკავეს უცხოელთა ჯგუფი, ჯამში, 6 ადამიანი, რომელთაგან 4 რუსეთის მოქალაქე იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მაშინ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო “აკვირდება სიტუაციას თურქეთში რუსული პასპორტით უცხოელების დაკავებასთან დაკავშირებით”.

გამოცემა „კავკაზ რეალიის“ თანახმად, ზემოხსენებულ პირთა დაკავების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ჩეჩნური დიასპორის ლიდერების დაცვა გააძლიერა. უსაფრთხოების დამატებით ზომებს თავად დიასპორის წარმომადგენლებმაც მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი