ახალი ამბები

„საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს შემწეობის მიღებას“ 4 წელი – პრემიერი

14 თებერვალი, 2022 •
„საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს შემწეობის მიღებას“ 4 წელი – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების პროგრამას აანონსებს, აცხადებს, რომ პროგრამაში ჩართულ პირებს 4 წლის განმავლობაში შემწეობა არ მოეხსნებათ.

„საზოგადოებირივ სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლებს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ შემწეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებითვე, პროგრამაში ჩართულ თითოეულ პირს შეუნარჩუნდება სოციალური შემწეობა და დამატებით მიეცემა 300 ლარი.

ამასთან, „მოსარგებლის შემწეობა გაუგრძელდება, თუ იგი არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმება“, თუმცა „ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან საქართველოს მთავრობა იწყებს სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პოლიტიკას და პირველ ეტაპზე 50 000 სამუშაო ადგილზე გამოაცხადებს ვაკანსიას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი სამუშაოები იქმნება სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

დასაქმება შეეძლებათ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს, რომლებსაც არ აქვთ შშმ სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

ღარიბაშვილის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, დასაქმდება 200 000 ადამიანი, თუმცა პირველ ეტაპზე ვაკანსია 50 000 ადგილზე გამოცხადდება.

მისი განცხადებით, ვაკანსიებს გამოაცხადებენ მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის და სხვა სამინისტროები.

„შეიძლება, წელს 100 000-მდე გავიდეთ, ლიმიტი არ გვაქვს დაწესებული. 50-ით დავიწყებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, პროგრამით მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს:

  • „ან საზოგადოებირვი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილების და მისი პიროვნული განვითარების შესაბამისი ვაკანსია;
  • ან, თუ დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება (ლეგალიზება) მოახდინოს;
  • ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამაში ჩაერთოს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ინიციატივაზე პირველად 2021 წლის ბოლოს ისაუბრა.

„ჩვენ შევისწავლეთ კარგად, როგორ არის, როგორ მუშაობს ევროპაში ეს ინიციატივა და გვაქვს მზაობა, დავიწყოთ ეს პროგრამა“, – განაცხადა დღეს პრემიერმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა სოციალურად დაუცველ ადამიანებს უმოქმედობისკენ უბიძგებს, რაც ნიშნავს, რომ 600 000 პირიდან ის 200 000, რომელიც არის შრომისუნარიანი, დემოტივირებულია, ლეგალურად დასაქმდეს.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, – ყველას, ვისაც ეს სჭირდება. მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, ამ პროგრამას ორმაგი შედეგი ექნება:

  1. „გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შემოსავლები;
  2. ახალი ინფრასტრუქტურა ან არსებულის გაუმჯობესება შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი