ახალი ამბები

სუს-ის უფროსი „მთავარს“, „ფორმულასა“ და ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივის

10 თებერვალი, 2022 • 2072
სუს-ის უფროსი „მთავარს“, „ფორმულასა“ და ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი „მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილს ცილისწამებას ედავება და სასამართლოში უჩივის.

სარჩელი უკავშირდება ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური  საქმიანობის შესახებ, რომელთან კავშირში მყოფ ერთ-ერთ პირადაც, მისი ადვოკატის თანახმად, სწორედ ლილუაშვილია დასახელებული.

რატომ ჩივის ლილუაშვილი?

სარჩელის შესახებ მოკლე ინფორმაცია ლილუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ღვინიაშვილმა გაავრცელა.

„როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის პოზიციით, „ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას“.

მამუკა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიებისა და ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში უკვე წარდგენილია სარჩელი, რომლის მოთხოვნებია:

  1. „იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება;
  2. მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად ერთი ლარის დაკისრება“.

ადვოკატი მომავალ კვირას პრესკონფერენციას აანონსებს დავის დეტალების გაცნობასთან დაკავშირებით.

„ზეწოლის გაგრძელება“ – „მთავარი არხი“

„მთავარი არხის“ ადვოკატი, თამთა მურადაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ჯერჯერობით მოპასუხე მხარეს არ ჩაჰბარებია სარჩელი და, სავარაუდოდ, ფორმალური ეტაპების გავლის შემდეგ, სასამართლო სარჩელს გაუგზავნის და პასუხის წარსადგენად დროს მისცემს.

„კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს, არ გვაქვს ნანახი, თუმცა ადვოკატის განცხადებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რაზე გვიჩივის“, – ამბობს ადვოკატი.

თამთა მურადაშვილის თანახმად, „მთავარ არხზე“ 11 დეკემბერს გასული სიუჟეტი, რომელსაც უკავშირდება სარჩელი, მომზადებულია „ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით“.

  • „თუკი ეთერით გავიდა მისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია, მას, როგორც მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება და უნდა აიტანოს არასასიამოვნო და კრიტიკული ინფორმაცია;
  • ასევე, თუკი ჰქონდა რაიმე პრეტენზია, შეეძლო სხვა რაიმე ფორმით გამოეხატა პოზიცია. მაგალითად, საპასუხო განცხადება გამოეგზავნა, ან ეთხოვა საეთერო დრო და ა.შ. თუმცა ეს მას არ გაუკეთებია და წავიდა სასამართლოში“, – განაცხადა მან.

ადვოკატი მურადაშვილის ცნობით, ბოლო პერიოდში შეინიშნება „მთავარი არხის“ წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოში ჩივილი, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს:

„ბოლო პერიოდში ბევრი სარჩელი დაგვიგროვდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერების მხრიდან, რომლებიც სუს-ის კრებსებში იყვნენ მოხსენიებულნი და სუს-ზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ არ ყოფილან დასაქმებულები უწყებაში. მათ საჩივრებს ჰქონდა კამპანიური სახე. სუს-ის მხრიდან და სუს-თან დაკავშირებით ბევრი სარჩელი დაგროვდა, რაც ეჭვებს აღძრავს“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი