ახალი ამბები

სანქციების შიშის გამო პუტინის იახტა გერმანიიდან გაიყვანეს – Bild

10 თებერვალი, 2022 •
სანქციების შიშის გამო პუტინის იახტა გერმანიიდან გაიყვანეს – Bild

გერმანული გამოცემა Bild-ის თანახმად, სანქციების დაწესების საფრთხის გამო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მდიდრული იახტა, სახელად „Graceful“, გერმანიიდან კალინინგრადში გაიყვანეს.

„ეს აშკარად გაქცევა იყო ხაფანგში მოხვედრის შიშისგან“, – ასე აფასებს გერმანული გამოცემა იახტის მიერ გერმანული პორტის დატოვების ფაქტს.

გამოცემა Boat International-ის თანახმად, რომელიც იახტებისა და მდიდრული გემების შესახებ ავრცელებს ცნობებს,  იახტა ჰამბურგში გასულ წელს ჩავიდა მოდიფიცირებისთვის, სადაც ორი ახალი გადმოსახედი დაიმატა. ასევე, გაადიდეს იახტაზე მოწყობილი საცურაო პლატფორმაც.

იახტა გერმანულმა გემთმშენებელმა კომპანიამ, „Blohm and Voss“-მა 2014 წელს ააგო. მისი დიზაინი „H2 Yacht Design-ს“ ეკუთვნის და სამგემბანიანი სუპერიახტების კლასს განეკუთვნება. იახტის ღირებულება 100 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

პორტალ Superyacht Fan-ის თანახმად, იახტა ნამდვილად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.

რუსეთის ლიდერებისა და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, უკრაინის კრიზისის პარალელურად, კვლავ აქტუალური გახდა.

პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.

ბაიდენის თანახმად, პუტინს სანქციებს დაუწესებდნენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი