ახალი ამბები

ფინელი დეპუტატი უკრაინაზე საკამათო პოსტის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

10 თებერვალი, 2022 • 1448
ფინელი დეპუტატი უკრაინაზე საკამათო პოსტის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიკა ნიიკომ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ნატო-ში უკრაინის არგაწევრიანებაზე საკამათო პოსტისთვის დაგმო პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა, მათ შორის, საკუთარმა პარტიამ.

მიკა ნიიკომ, რომელიც ნაციონალისტურ პარტიას წარმოადგენს, მაკრონის მოსკოვში ვიზიტისას Twitter-ზე დაწერა, რომ ვიზიტი დადებით შედეგს არ მოიტანს, თუ მაკრონი ან სხვა დასავლელი პოლიტიკოსი საჯაროდ არ იტყვის, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.

კრიტიკული რეაქციის შემდეგ, ნიიკომ მალევე წაშალა პოსტი და თქვა, რომ „ის დაუდევრად იყო ფორმულირებული“.  მისი თქმით, მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამჟამად არარეალური ვარიანტია. ნიიკომ ხაზი გაუსვა, რომ სრულად უჭერს მხარს ფინეთის საგარეო პოლიტიკას და უკრაინის სუვერენიტეტს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს დღეს, 10 თებერვალს აირჩევენ. ამ პოზიციას, სავარაუდოდ, დაიკავებს იუსი ჰალა-აჰო, ფინელების პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და ევროპარლამენტარი. მიკა ნიიკო კი რიგით დეპუტატად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი